GEM FEST-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა GEM FEST-2017-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსთა დარღვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დაასრულა.
როგორც სიგუამ BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა, საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 82-გვერდიანი დასკვნა დადო, სადაც გიორგის სიგუას ბრალეულობა არ იკვეთება.
„საგამოძიებო სამსახურმა ქექა, ქექა და დადო 82-გვერდიანი დასკვნა, რომ თურმე გიორგი სიგუას ფული საერთოდ არ ჰქონია მიღებული სახელმწიფოსგან და შესაბამისად, არაფერი მოუპარავს; ან რა უნდა მოეპარა სიგუას?! 17-მილიონიანი პროექტი დააფინანსეს 4 მლნ ლარით ანუ 20%-ით, სიგუას დაედო 3 მლნ ლარზე მეტი ვალი, მაგრამ მეგობრებთან ერთად ბოლომდე ჩემს თავზე ავიღე ყველა პასუხისმგებლობა და ყველა ვალს ეტაპობრივად დავფარავ. მოვიპარე კი არა, აბსოლუტურად ყველაფერი გავყიდე, რაც გამაჩნდა, ბოლო ნივთამდე - პირადი ნივთებიდან დაწყებული მეგობრების ნივთებით დამავრებული. მოპარვით იპარავენენ მთავრობაში ზოგ-ზოგიერთები - დღე და ღამე კორუფციაში არიან ჩაფლულები“, - განაცხადა სიგუამ.
მისივე თქმით, მთავრობამ GEM FEST-2017-თან დაკავშირებით, ალიაქოთი ტყუილად ატეხა.
„ფესტივალი დასრულდა თუ არა მეორე დღესვე შემოიჭრნენ გიჟებივით, გაჩხრიკეს ჩემი სახლი, დალუქეს ოფისი, რა აღარ გააკეთეს... ეს არ იყო იმ ადამიანების საქციელი, რომლებსაც უნდათ, რომ რაღაც გამოვიდეს და გვერდში დაგიდგნენ - ესაა პატარა კაცუნების საქციელი, რომლებმაც ასეთი ქცევით გადაწყვიტეს, საზოგადოებაში არსებული გარკვეული მძაფრი რეაქცია მხოლოდ სიგუაზე გადმოეტანათ. დაიწყო გამოძიება და რა მიიღეს? არაფერი. აწიეს ამხელა ალიაქოთი და თვითონ დარჩნენ პირდაღებულები. 82-გვერდიან დასკვნაში არაფერი წერია ჩემს ბრალეულობაზე; აწი თუ რამეს მოიგონებენ და ჩაწერენ, არ ვიცი“, - აღნიშნა სიგუამ.

























