ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ,,ჯემ ფესტის“ ორგანიზატორი გიორგი სიგუა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, გიორგი ჩოგოვაძე ბიუჯეტის ფულის დიდ ნაწილს რუსეთში, მასთან დაახლოებულ კომპანიებში რიცხავს, რაც მის პირად ინტერესებს ემსახურება, ამის შესახებ მან ,,საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.
,,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არის კორუფციის ბუდე! მაშინ, როდესაც, რუსეთი ჩვენს ტერიტორიას იტაცებს და საზღვრებს ყოველდღე რამდენიმე მეტრით წევს, გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბიუჯეტის ფულს რუსეთში ათეთრებს. კერძოდ, ყველაზე მეტ ფულს, მილიონობით ლარს, ხარჯავს ვითომდა სარეკლამო კამპანიაზე რუსეთში, სინამდვილეში კი ეს არის მისი ახლობლებისა და მეგობრების კომპანიები, საიდანაც ღებულობენ ქრთამებს და ,,ატკატებს““ - აცხადებს გიორგი სიგუა.
სიგუა ამ პროცესის თანამონაწილედ ყოფილ ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილსაც მოიაზრებს.
,,დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფერში დიმიტრი ქუმსისვილიც მონაწილეობს. უფრო მეტსაც გეტყვით, მე ვიყავი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და როდესაც ამ სამსახურში მივედი სამუშაოდ, დამხვდა ასეთი სიტუაცია: ყველა ტენდერს იგებდნენ ქუმსიშვილის ახლობლები, მაგალითად, მისი ცოლისძმა თევდორაშვილი, სტამბა ,,ფავორიტი“.... დავინტერესდი, რატომ იგებდნენ მუდმივად ეს კომპანიები და აღმოვაჩინე, რომ ესენი იყვნენ ქუმსიშვილის ახლობლები“ - განაცხადა სიგუამ.
გიორგი სიგუას თქმით, მან არ მისცა ეკონომიკის ყოფილს მინისტრს თავისუფლად მოქმედების საშუალება, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი გახდა.
,,მე არ ვაფათურებინე დიმიტრი ქუმსიშვილს ხელები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტში, ამიტომ პირველივე დღეებიდან მასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა და რითაც დამთავრდა ეს ყველაფერი კარგად იცით... ქუმსიშვილმა და კვირიკაშვილმა გამათავისუფლეს სამსახურიდან და მიზეზად კაზანტიპის ამბები მოიტანეს. ამის შემდეგ ქუმსიშვილს თვალი ჰქონდა დადგმული ,,ჯემ ფესტზე“, დაინახა, რომ აქედან ფულის შოვნა იყო შესაძლებელი, ბიუჯეტის ფულიდან, თუ ,,სხვადასხვა“ რაღაცეების რეალიზაციით ამ ფესტივალზე და სწორეად ამიტომ ჩამოიყვანეს ბრანკო კოსტადინოვი 21 მაისს, გააკეთებინეს კომპანია, პირდაპირ ყოველგვარი ტენდერის და კონკურსის გარეშე ბიუჯეტიდან გადასცეს 4 მილიონზე მეტი, რეალურად სამდღან ფესტივლაში, რომელიც ამ ზაფხულს ჩატარდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი პრემიერმინისტრი დაინტერესდება და შეისწავლის ამ ყველაფერს“ - განაცხადა გიორგი სიგუამ.