მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი სვანიძე: ქართული ზეთისხილის ზეთი ნიუ-იორკში გაიყიდება

5d3eecfbb019c
ლიკა გურაბანიძე
29.07.19 18:25
4490
კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებლის გიორგი სვანიძის განცხადებით, 2020 წლის მარტში 100 000 ბოთლ ქართული ზეთისხილის ზეთს აშშ-ის ბაზარზე კერძოდ,  ნიუ-იორკში გაიტანს.

როგორც bm.ge-ის გიორგი სვანიძემ განუცხადა, ბრენდი უცხოეთის ბაზარზე „ქართული ზეთისხილის“ სახელწოდებით იქნება წარმოდგენილი. სვანიძის თქმითვე, ამერიკის ბაზარზე სამომავლოდ ზეთისხილის გატანაც იგეგმება.


"ნიუ-იორკის შემდგომ, ნიუ-ჯერსიშიც შევალთ", - განაცხადა სვანიძემ და დასძინა, რომ ამერიკის ბაზრის შემდეგ,  კომპანიის საექსპორტო გეგმები კანადას და მექსიკას უკავშირდება.


კითხვაზე -  კავშირშია თუ არა ამერიკის ბაზარი კომპანია „ქართული ზეთისხილის“ და KTW ჯგუფის მიერ ერთობლივ კომპანიის „ქართული ზეთისხილი & KTW”- ს დაფუძნებასთან,  გიორგი სვანიძე გვპასუხობს, რომ ორი კომპანიის მიერ ერთობლივი პროექტის განხორციელებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ხოლო პროდუქცია უკვე კომპანიის მფლობელობაში არსებული ზეთისხილის პლანტაციებიდან გავა.  

რაც შეეხება ამერიკაში ქართული პროდუქციის საფასო პოლიტიკას, სვანიძის თქმით, ზეთისხილის ზეთის ფასი ამერიკის ბაზრის მარკეტინგული შესწავლის შემდგომ დადგინდება.


ამ ეტაპზე, „ქართული ზეთისხილის“ კომპანიას ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქვს რუსეთთან და  ჩინეთთან, სადაც პროდუქცია უკვე გასასვლელად ემზადება; პროდუქცია უკვე იყიდება ბელორუსში.


ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში კი, "ქართული ზეთისხილის" პროდუქციას დუბაის "კარფურის" ქსელსაც მიაწოდებენ.


კომპანია „ქართული ზეთისხილი"  ზეთისხილის ბაღებს კახეთში ფლობს.  „ქართული ზეთისხილის" ზეთი 250-გრამიან, 500-გრამიან და 750-გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი - 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი. 

პროდუქციის ფასი ნახევარლიტრიან ქილაში 13-დან 16 ლარამდე მერყეობს, ხოლო 250-გრამიანი ქილის ფასი 7-დან 9-ლარამდეა. 

ამჟამად „ქართული ზეთისხილის" ზეთი და ზეთისხილი გასაყიდად „კარფურში", „გუდვილში", „ნიკორასა" და „აგროჰაბშია" წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები