„ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) საპატიო პრეზიდენტი, გიორგი სვანიძე დედოფლისწყაროში ზეთისხილის გადამმუშავებელ ახალ საწარმოს აშენებს. მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყრება და მისი დასრულება დაახლოებით 9 თვეში იგეგმება.
როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში გიორგი სვანიძემ აღნიშნა, ახალი საწარმო 10-ჯერ უფრო მეტი სიმძლავრის იქნება პირველ ქარხანასთან შედარებით.
„ის აღჭურვილი იქნება იტალიური ყველაზე თანამედროვე დანადგარებით, მსოფლიოში ზეთისხილის წარმოების კუთხით რაც არსებობს. ახალი ქარხანა შეძლებს ერთ დღეში გადაამუშაოს 100 ტონა ზეთისხილი. 2025 წლის აგვისტოში მშენებლობა სრულად იქნება დასრულებული და სექტემბერში მზად იქნება მოსავლის მისაღებად“, - განაცხადა „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, „ქართული ზეთისხილის“ პირველი საწარმო სიღნაღის რაიონში სოფელ მაშნაარში მდებარეობს. „მეორე საწარმო იქნება დედოფლისწყაროში, მესამე საწარმოს კი სამომავლოდ ალბათ ყვარელში ან თელავში გავხსნით და ნელ-ნელა მოვიცავთ მთელ კახეთს“, - ამბობს გიორგი სვანიძე.
„ქართული ზეთისხილი“ ზეთისხილის ბაღებსაც ფლობს. პირველი ბაღები ბიზნესმენმა 2009 წელს გააშენა, რომელიც დღეს 1 500 ჰექტარზეა გადაჭიმული. საწარმო ზეთისხილის მოსავალს სხვა ფერმერებისგანაც იბარებს, რისგანაც შემდეგ ზეითუნის ზეთს და სხვა პროდუქციას აწარმოებს. პროდუქციის ნაწილი გადის ექსპორტზეც, მათ შორის ყაზახეთსა და ჰოლანდიაში. სვანიძის თქმით, ამ კუთხით მუშაობა დუბაის ბაზარზეც მიმდინარეობს.