„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
"ძალიან შემართებით და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის და განვითარებულ ქვეყნებს შორისაა, ევროკავშირის ღირსეული წევრია. მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი აქვთ. სიმართლე გითხრათ რთული 7 თვე იყო, განსაკუთრებით როდესაც ოჯახს და შვილებს შორდები, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, რომ იმდენად ძლიერია, რომ არც ერთი დღე არ გამჭირვებია", - განუცხადა გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს. მან მადლობა გადაუხადა ყველას ვინც, ციხეში ყოფნის დროს წერილებს სწერდა, მათ შორის ემიგრანტებს და პატივისცემა გამოხატა სინდისის პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2025 წლის 24 ივნისს, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, "ოცნების" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის ცნო დამნაშავედ და 7 თვით პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე 2 წლის ვადით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.
ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რომელიც „პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.
სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც ვაშაძემ კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.


























