მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ხანიშვილი იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც წელს თხილის გაიაფება გამოიწვია

633b03ff7be6a
თათია ჩაფიჩაძე
04.10.22 12:37
1074
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, თხილის ფასის შემცირება შოკოლადსა და იმ სასურსათო ერთეულებზე დაბალმა მოთხოვნამ განაპირობა, რაც თხილს შეიცავს.

ხანიშვილის თქმით, გაძვირებული ლოგისტიკური ხარჯის გამო, გლობალურად შემცირდა კონტრაქტორი კომპანიებისა და კონტრაქტების მოცულობები, რამაც ფასებზე გავლენა იქონია.

„ჩვენი თხილი თითქმის სრულად ევროკავშირის ბაზარზე გადის და როდესაც ასეთი გაძვირებული ენერგორესურსების პირობებში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, შემცირდა ისეთ საკვებ ერთეულებზე მოთხოვნა, როგორიც არის შოკოლადი და ყველა დანარჩენი, სადაც გამოიყენება თხილი. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონტრაქტები გაცილებით იაფი და შემცირებული, ვიდრე ეს იყო გასულ წლებში. ამას ბევრი სხვა ფაქტორიც დაემატა და მიმდინარე წელს თხილის ფასი უფრო არაეფექტურია, ვიდრე გასულ წლებში იყო.

როდესაც დავიწყეთ თხილის მიმართულებით ღონისძიებების გატარება, საშუალო წარმოება იმ ფართობებზე რაც დღეს გვაქვს და ეს არის დაახლოებით 60 ათასი ჰა, გვქონდა 20 ათას ტონა. გასულ წელს 50 ათასი ტონა მოვიდა, წელს 60 ათასამდე, თუმცა ყოველ წელი განსხვავდება სხვადასხვა კლიმატით, რაც გავლენას ახდენს ხარისხზე. თქვენ იცით, რომ თხილის ასოციაცია გავაძლიერეთ და ვეხმარებით მათ. ასოციაციის ფარგლებში დასაქმებულ ფერმერებს აქვთ ძალიან მაღალი ხარისხის თხილი, 50%-იანი გამოსავლიანობით, ნაკლები ფარული სიდამპლით. ჩვენ ვფიქრობთ, როგორ გადავარჩინოთ თხილის კულტურა, რომელიც უმთავრესია დასავლეთ საქართველოში და ამ მხრივაც სახელმწიფოს ექნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული", - განაცხადა ხანიშვილმა.

ამ დროისთვის თხილის ჩაბარების ღირებულება დასავლეთ საქართველოში 3-დან 4.5 ლარამდეა. კახეთში კი მაქსიმალური ფასი 5 ლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები