ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ზვიადაძე უზბეკეთში ეროვნული სააგენტოს მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. პარალელურად შვეიცარიაში ე.წ. ანგელ ინვეტორების ფონდი დააარსა, რომელმაც პირველი სტარტაპი უკვე დააფინანსა. ამის შესახებ Bm.ge-ს გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, მისივე თქმით ფონდი სტარტაფებს საქართველოშიც დააფინანსებს.
,, რამდენიმე პროექტში ვმონაწილეობ. უზბეკეთში სახელმწიფო უმაღლესი ორგანოს მრჩეველი ვარ, შვეიცარიაში ანგელ ინვესტორების ფონდი დავაარსეთ, საიდანაც უკვე დაფინანსდა ბიოტექნოლოგიური სტარტაპი ნახევარი მილიონი ლარით.
ძირითადად კერძო სექტორში ვიმუშავებ, პარალელურად გავუწევს კონსულტაციებს საჯარო უწყებების რამდენიმე ქვეყანაში. მე 6 ქვეყანაში მქონდა ბიზნესი საჯარო სამსახურში წასვლამდე და ცხადია ახლაც ხელახალი ენერგიით დავიწყებ საერთაშორისო ბიზნეს საქმიანობას.
ფონდი საქართველოს სტარტაპებსაც დააფინანსებს, სავარაუდოდ პირველ რიგში ინკუბატორს და აქსელერატორს გავხსნით და სექტემბრიდან უკვე სრულყოფილად ავმუშავდებით. ცხადია მთავარი მიზანი ქართული სტრტაპ ეკოსისტემის განვითარებაა. ჩემი გული და სულის დიდი ნაწილი ტექნოპარკს და საქართველოს ინოვაციების სააგენტოს ეკუთვნის სადაც 10 თვე გულმოდგინედ ვიმუშავე „ - განუცხადა გიორგი ზვიადაძემ BM.ge-ს.
გიორგი ზვიადაძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი მიმდინარე წლის 24 აპრილს დატოვა.

























