გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელი აცხადებს, რომ ჩიკვაიძე ციხეში მოწამლეს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გიორგის მდგომარეობა დამძიმდა. ის სახალხო დამცველს და შესაბამის ორგანიზაციებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
"გუშინ, შუაღამეს დამიკავშირდა სახალხო აპარატის სამსახური. გვიან შესულები იყვნენ ჩემი შვილის, პატიმარ გიორგი ჩიკვაიძის მოსანახულებლად მისივე სასწრაფო გადაუდებელი ზარის შემდეგ. გიორგის მდგომარეობა დამძიმდა გლდანის მე-18 დაწესებულებაში. ის, რაც მას დამართეს ციხეში 13 მარტს გაურკვეველი კრუნჩხვის სახით, რასაც მოჰყვა მისი ეტლზე მიაჯაჭვა. ერთ თვალში მხედველობის დაკარგვა და სხვა ამოუცნობი მიზეზები, ახლა გართულდა დამატებით კანზე განვითარებული ასევე გაურკვეველი სიმპტომებით. ვინც ცოტა მაინც ჩახედული ხართ მედიცინაში, რას გაგონებთ ეს? ჩემი შვილი რუსმა მთავრობამ ახლა უკვე რუსულ ციხეში მოწამლა! მე, როგორც ექიმს ამაში უკვე ეჭვი აღარ მეპარება. ვინ მიიღო ამის გადაწყვეტილება არ ვიცი. ჩემთვის კი ისინი არიან გენ.პროკურორი გაბიტაშვილი, რომელსაც დაემატა კიდევ მე-18 დაწესებულების დირექტორი დავით დარასელია. კაცთმოძულე ბოროტმოქმედი ადამიანები ხართ. ჩემს შვილს ციხეში კლავენ!
მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა იმ ორგანიზაციას რომელსაც შეგიძლიათ რამის გაკეთება - იმოქმედეთ. რაც შემეხება მე, როგორც მის დედას, სავარაუდოდ ბრძოლის სხვა ფორმებს მივმართავ. უფალი არ მიგვატოვებს",- წერს ეკა წერეთელი.
ცნობისთვის, ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჩიკვაიძე სხდომას არ ესწრება, რადგან სასამართლოს განმარტებით ის პროცესიდან გაძევებულია.
გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. სწორედ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობაა დავის საგანი. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეცვალა. ამასთან, მან ძალაში დატოვა მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო. პროკურატურა ორივე მათგანის პატიმრობას ითხოვდა.
ჩიკვაიძე დაპატიმრების შემდეგ შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.




























