მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გირჩი" კანაფის ფესტივალისთვის ემზადება - რა ხდება "დედაენის ბაღში"

5bcb010776197
თელარა გელანტია
20.10.18 14:15
1604
„გირჩი“ თბილისში, „დედაენის ბაღში“ კანაფის ფესტივალისთვის ემზადება.

როგორც ცნობილია, ფესტივალი სიმბოლურად 16:20 საათზე დაიწყება.

რამდენიმე წუთის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ „დედაენის“ ბაღში „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი აიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ კონკრეტულად - სად, ჯერჯერობით, უცნობია.

ამის შესახებ tv “პირველს“ „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

ამ დროისთვის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას ყვითელი ავტობუსები, სადაც პოლიციელები იმყოფებიან. მათი ნაწილი უკვე „დედაენის ბაღის“ ტერიტორიაზეა, ნაწილი კი - იუსტიციის სახლთან.

შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზების მიზანი ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარებაა და არა - ხელისშეშლა. 

კანაფის ფესტივალთან და „გირჩის“ წევრების პოლიციის განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.

„მოვედით „დედაენის“ ბაღში დაახლოებით ნახევარი საათის წინ, აპარატურას არ გვატანინებენ. აქ იმყოფება ძალიან ბევრი დაცვის თანამშრომელი, სავსეა პოლიციელებით აქაურობა. იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე პოლიციელებით სავსე ავტობუსები დგას. დაახლოებით, 10 წუთის წინ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა იაგო ხვიჩია განყოფილებაში, ჩხრეკის ჩასატარებლად გადაიყვანეს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩხრეკა აქვე ჩაეტარებინათ, თუმცა მაინც წაიყვანეს განყოფილებაში. სავარაუდოდ, კიდევ მოვლენ და, ალბათ, ყველას ცალ-ცალკე წაგვიყვანენ. სანამ ეს მოხდება, მინდა იცოდეთ, რომ ფესტივალი ჩვეულებრივად ტარდება. ადამიანები შეიკრიბებიან 16:20 საათზე, როგორც ეს იყო დაგეგმილი, მათ შორის ის ხალხი, ვინც აპირებს, აქ სხვადასხვა რაღაცები გაყიდოს, იმხიარულოს, გაერთოს. მიზანი არის ის, რომ ფესტივალი შედგეს ნებისმიერ შემთხვევაში.

თუ მე დამაკავეს, ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს, იქნება ის, რომ მე ვერ მოვახერხებ იმ დაუმორჩილებლობის აქტის ჩადენას. ზოგადად კი, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დღეს თბილისში უნდა ჩატარდეს. ამიტომ გელოდებით ყველას, ვინც აქ მოსვლას აპირებს, არაფრის არ შეგეშინდეთ, მოდით, არავინ თქვენ ხელს არ მოგკიდებთ. საბოლოო ჯამში, ეს მარაზმი ამ ქვეყანაში დამთავრდება და რაც უფრო მეტ ასეთ სიგიჟეს გააკეთებენ, მით უფრო მალე დამთავრდება ეს ყველაფერი“, აცხადებს ჯაფარიძე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები