პოლიტიკურმა პარტია "გირჩმა" კრიპტოვალუტის მოპოვება შეწყვიტა. როგორც bm.ge-ს პარტიის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა, გამომუშავებული კრიპტოვალუტის რიცხვი იმდენად მცირე იყო, რომ “გირჩმა“ მაინინგი შეწყვიტა. მეგრელიშვილის ინფორმაციით, თვეების განმავლობაში პარტიამ სულ რამდენიმე ასეული ლარის შემოსავალი მიიღო.
მისი თქმით, აუდიტის სამსახურის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ პრობლემატურია პარტიების დაფინანსება კრიპტოვალუტებით, გამოგონილი პრობლემაა.
„ჩვენს ყველა პოსტს, რომელსაც თავის დროზე ვდებდით „ფეისბუკზე“ ჰქონდა თავის ლინკი დაფინანსების შესახებ. ერთი იყო დაფინანსების ჩვეულებრივი გზა, მეორე კი, მომხმარებელს შეეძლო გაეშვა ჩვენივე ვებ-გვერდი, ამ ვებ-გვერდზე მიბმული იყო მაინინგი. თუ ადამიანს ექნებოდა ეს ვებ-გვერდი ერთ ფანჯარაში გახსნილი, მისი კომპიუტერის გარკვეული რესურსი მიდიოდა იმაში, რომ ის გამოიმუშავებდა კრიპტოვალუტას, რომელიც გვერიცხებოდა ჩვენ.
თუმცა, დროთა განმავლობაში იმდენად მცირე იყო გამომუშავებული კრიპტოვალუტა და იმდენად წუხდებოდნენ ჩვენი მხარდამჭერები იმით, რომ მათი კომპიუტერები ნელდებოდა, ფინანსურად არ გვაწყობდა ჩვენი მხარდამჭერების შეწუხება, ამიტომ უკვე კარგი ხანია ჩახნილია ეს ლინკი. კრიპტოვალუტრების გამომუშავებიდან შემოსავალი პარტიას ჰქონდა ძალიან მცირე“,- აცხადებს მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, სინამდვილეში მთელ ქვეყანაში პრობლემა არის პოლიტიკის დაფინანსება და ყველამ იცის, რომ პოლიტიკაში დახარჯული ფულის უდიდესი ნაწილი, არ არის ლეგალური და გაუმჭვირვალეა.
„ეს ეხება ნებისმიერ სახელისუფლებო პარტიას და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასაც. პარტიების დაფინანსების დღევანდელი წესი აძლევს სახელისუფლებო პარტიას იმის შესაძლებლობას, რომ აკონტროლოს ოპოზიციური პარტიების შემოსავლები. ყველა ცდილობს, რამენაირად მოიპოვოს ბიუჯეტიდან დაფინანსება, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ამომრჩეველი ან მხარდამჭერი დაარწმუნოს იმაში, რომ დააფინანსონ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

























