„გირჩი“ ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტის ინიციატორები არიან "გირჩის" წევრები, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო. ისინი ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას ითხოვენ:
საქართველოს კანონი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“
მუხლი 1. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 1998 წელი, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
- პირველ მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი:
,,3. კანონის მიზნებისთვის, ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმებით მიღებული ანაზღაურება არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. ‘’
- მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,ლობისტად რეგისტრაციის უფლება აქვს პირს, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.’’
- მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად :
,,1. ლობისტად რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ‘’
- მე-5 მუხლს დაემატოს 11 ნაწილი
,,1.1 ლობისტად რეგისტრაციისთვის იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ,,ა. საიდენთიფიკაციო მონაცემები.’’
- მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,2. დავალება შეიძლება ითვალისწინებდეს ნორმატიული აქტების ან ნორმატიული აქტების პროექტის შეცვლას ან უარყოფას.’’
მე-9 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი :
,,3. ლობისტს უფლება აქვს, დავალების შესრულების მიზნით ხელშეკრულება გააფორმოს პარლამენტის, საკრებულოს, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ან პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის შეთანხმდნენ ფულად ანაზღაურებაზე.’’
მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ’’ ქვეპუნქტი
,,გ) ლობისტის მიერ დავალებით გათვალისწინებული მიზნებისთვის პარლამენტის, საკრებულოს, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ან პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობის დროს გაწეული ხარჯების შესახებ, მათი გაწევის მიზნის, თარიღისა და პირობების მითითებით. ‘’