მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გირჩმა" პირველი პოლიტიკური ბოტი "მარიტა" შექმნა

5b30f74884bfb
BM.GE
25.06.18 18:04
4121
რეგიონში პირველი პოლიტიკური ბოტი, სახელწოდებით მარიტა v2.0 დღეს 20:00 საათზე ჩაეშვება. ჩეტბოტის ავტორი პოლიტიკური გაერთიანება "გირჩია". 

"ჩეთბოტების რაოდენობის ზრდა მომავლისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გვეჩვენებოდეს, თითქოს ეს ფენომენი მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, არსებობს, სინამდვილეში პირველი ჩეთბოტი 1966 წელს შეიქმნა, Facebook Messenger-ში კი ისინი 2016 წელს გამოჩნდნენ და ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. დღესდღეობით ბიზნესის მრავალი სახეობა იყენებს ამ ტიპის ავტომატიზებულ არხებს, რათა მომხმარებლის მყისიერი მომსახურება უზრუნველყოს.

გირჩი რეგიონის მასშტაბით პირველი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელმაც პოლიტიკური ბოტი შექმნა. ხელოვნურ ინტელექტს სახელი პარტიის სოცმედია მენეჯერის, მარიტა რატიანის, პატივსაცემად დაერქვა",- აცხადებენ პარტიაში.

მათივე თქმით, მარიტა v2.0 საქართველოს მოქალაქეებს პარტიასთან კომუნიკაციაში დაეხმარება და მყისიერად მიაწვდის მათ ინფორმაციას გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, დაპირებების შესახებ. გირჩის ჩეთბოტი მოქალაქეებს გირჩის მხარდამჭერების ბაზაში რეგისტრაციაშიც დაეხმარება და, ასევე, წვევამდელებს სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფს იმის თაობაზე, თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისათვის, რომ ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის წოდება მიიღონ.

"ამ დროისთვის გირჩის ჩეთბოტს შეუძლია გესაუბროთ გირჩის დაპირებებზე, მოსაწევზე, ნარკოპოლიტიკაზე, ბიბლიურ თავისუფლებაზე. ამასთან, შეუძლია შემოგთავაზოთ გართობის სხვადასხვა საშუალება, როგორიცაა მაგალითად, ქვიზები, სახელწოდებით „რამდენად კარგად იცნობ ილია ჭავჭავაძეს?“ და „ხარ თუ არა გირჩი?“

დროთა განმავლობაში მარიტა v2.0 მოქალაქეებისთვის პარტიის ხედვებისა და იდეების სრულყოფილად მიწოდებას შეძლებს. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია, რომ მას რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ესაუბროს. ჩეთბოტის ტუტორი და თანაავტორი გირჩის წევრი ლევან ჯგერენაიაა",- ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები