საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა/Meta“ და LinkedIn-ზე განთავსებული სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების ოფიციალური გვერდის პოპულარიზაციაში მომავალ წელს 70 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. გამარტივებული შესყიდვის განაცხადი შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული შესყიდვის მიზანია სააგენტოს საქმიანობის, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების, ასევე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე „ფეისბუქი“-ს და LinkedIn-ზე, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვისთვის ყოველთვიურად საჭირო სავარაუდო თანხა განისაზღვრა სოციალურ ქსელში აქტივობების სხვადასხვა მოცულობის რეკლამის დადგენილი ღირებულებების გათვალისწინებით.
“აღნიშნული შესყიდვები განხორციელდება ინტერნეტის გამოწერის გზით, ეტაპობრივად 2026 წლის 8 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით”, - წერია სატენდერო განაცხადში.




























