მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GITA-მ 2026 წელს ₾6 მილიონის მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვის ნებართვა ითხოვს

ჯიტა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) მთავრობის ნებართვას სთხოვს, 2026 წლის განმავლობაში 6,000,000 ლარის ღირებულების მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით განახორციელოს. შესაბამისი ბრძანება სააგენტომ უკვე გამოსცა და განკარგულების პროექტიც მოამზადა, რომლის მიზანია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის გამონაკლისით სარგებლობა.

დოკუმენტაციის მიხედვით, თანხა მოიცავს:

  • საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების, ტრენინგების, კურსების, ბანაკებისა და სკოლების ორგანიზებას;
  • კონფერენციებსა და ინოვაციების ეკოსისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მომსახურებას;
  • ტექნოპარკებისა და ჰაბების ფუნქციონირებისთვის აუცილებელ კონსულტაციებს;
  • სტარტაპ ეკოსისტემის საერთაშორისო წარდგენას;
  • სპეციალური, მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებისა და ტრენერების მომსახურებას;
  • ტექნოლოგიების გადაცემისა და კომერციალიზაციის საკონსულტაციო მომსახურებებს;
  • Pitchbook-ის მონაცემთა ბაზაზე წვდომის შეძენას.

GITA-ს შეფასებით, სტანდარტული ტენდერები აფერხებს ან ზოგჯერ საერთოდ შეუძლებელს ხდის: საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას, უცხოელი ტრენერებისა და კონსულტანტების მოწვევას და ისეთ სპეციფიკურ მომსახურებებზე წვდომას, რომლის ალტერნატივაც ადგილობრივ ბაზარზე არ არსებობს.

სააგენტოს განცხადებით, გამარტივებული შესყიდვის ნებართვა არ ქმნის დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს, არამედ საჭიროა ინოვაციური მეწარმეობის მხარდაჭერისა და უკვე არსებული პროგრამების გაგრძელებისთვის.

დოკუმენტების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვით უნდა განხორციელდეს:

  1. ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - პროექტების შეფასებისა და ექსპერტიზის მომსახურება, სადაც მომხმარებელთა შერჩევა ტენდერით შეუძლებელია.
  2. ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა - ტესტირებები, კვლევები და უცხოელი ექსპერტების კონსულტაციები, რადგან მსგავს გამოცდილებას ადგილობრივი ბაზარი არ ფლობს.
  3. ტექნოპარკების მუშაობისთვის საჭირო კონსულტაციები - ფაბლაბების [ციფრული წარმოებისა და ინოვაციების ლაბორატორია] სპეციალისტები, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და სხვა (100,000 ლარი).
  4. ინოვაციების საზაფხულო სკოლა და საერთაშორისო ბანაკები - KU-სა და სხვა უნივერსიტეტებთან პარტნიორობა, ასევე სტენფორდის ბანაკში ბენეფიციარების გაგზავნა.
  5. StartUP in Georgia – საერთაშორისო ღონისძიებებზე პავილიონების მოწყობა (პორტუგალია, დუბაი, აშშ, სინგაპური) - სადაც მოლაპარაკებები მხოლოდ პირდაპირ ორგანიზატორებთან ხდება.
  6. სან-ფრანცისკოს ინოვაციების ჰაბის მუშაობა - საჭირო არის სილიკონის ველის სპეციფიკური ცოდნის მქონე კონსულტანტები.
  7. Pitchbook-ის პლატფორმაზე წვდომა - უნიკალური სერვისი, რომლის ღირებულებაა 78,375 ლარი.
  8. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქციონირება - ფაბლაბების [ციფრული წარმოებისა და ინოვაციების ლაბორატორია] კონსულტანტები, ელექტრონიკისა და 3D მოდელირების მიმართულებები.
  9. ინტერაქტიული სამეცნიერო მუზეუმის მომსახურება ქუთაისის ჰაბში - ტექნიკური და საგანმანათლებლო ზედამხედველობა, ვიზიტორების ნაკადის მართვა.
  10. TUMO-ს ცენტრის ამოქმედება ქუთაისში - მენტორებისა და სპეციალისტების დაქირავება, რომელიც ტენდერის წესით შეუძლებელია უნარების სპეციფიკის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები