სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 1.8 მილიონი ევროს გამარტივებული კონტრაქტი, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სომხურ კომპანია TUMO-ს (კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი) შორის გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით მხარეთა 5-წლიანი თანამშრომლობა, ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში სასწავლო ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე ხორციელდება. TUMO-ს ვებგვერდის თანახმად, კომპანია სემ სიმონიანის მიერ არის დაფუძნებული და მის მიზანს კრეატიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება წარმოადგენს.
"გამომდინარე, ასევე იმ მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებით, რომ TUMO-ს (კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი) სასწავლო ცენტრის დაინტერესება და მათი სატენდერო პროცედურებში ჩართვა შეუძლებელია, მოცემული გარემოება წარმოადგენს წინამდებარე განკარგულების მიღების საჭიროებას და მომწოდებლის, მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის გზით დაკონტრაქტებას", - წერია სატენდერო დოკუმენტში.
ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტების ჩამონათვალი, ოდენობა შემდეგია:
- ცენტრის გახსნასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება - 120 000 ევრო;
- 5-წლიანი ლიცენზია - 1 375 000 ევრო (წელიწადში 275 000 ევრო);
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები -269 100 ევრო.
შესყიდვის განმარტებითი ბარათის თანახმად, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია მოხდეს მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება 5 წლის ვადით. ამასთან, 2024 წელს შესყიდვის ღირებულება იქნება 395,000 ევრო, ხოლო მომდევნო წლებში 275,000 ევრო.