ხის ფიგურებისგან დამზადებული სანათების მწარმოებელი კომპანია „გითლი“, რომელიც ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, ე.წ. ტორშერების, იგივე დიდი სანათების წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა, ლაშა არეშიძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებაზე მუშაობის დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.
„კომპანია ჩემს ძირითად სამსახურად იქცა და მთლიანად მასზე ვარ გადართული. ადამიანები გვიგზავნიან ფოტოებს, რომლის შესაბამის მინიატიურულ ფიგურებს ვამზადებთ. შემდეგ ეს ფიგურები სანათზე მაგრდება.
პროდუქტის რეალიზებას სოციალური ქსელების მეშვეობით ვახდენთ. რაც შეეხება ფასებს, „გითლის“ სანათი 1-4 ფიგურის ჩათვლით, 220 ლარი ღირს, ხოლო თითოეული დამატებითი ფიგურის შემთხვევაში, 20 ლარი ემატება. სამწუხაროდ, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, უფრო მეტს სურს შეძენა, ვიდრე შეკვეთას გვაძლევენ“ - აცხადებს არეშიძე.
მისივე ცნობით, კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ბაზრიდან ყიდულობს. რაც შეეხება დასაქმებულებს, კომპანიაში ძირითადად სამი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მეოთხე კადრსაც იმატებენ.
ინფორმაციისთვის, ხის ფიგურებისგან დამზადებული სანათების მწარმოებელი კომპანია „გითლი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. საწარმო თბილისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს.