ორი მსხვილი ინსტიტუტის “საქართველოს ბანკისა“ და “თიბისი ბანკის“ დომინანტობა, რაც ბაზრის 60 % იკავებს, ახალი მოთამაშეების შემოსვლისთვის ბარიერებს ქმნის და კონკურენციაზე მოქმედებს“-ამის შესახებ საერთაშორისო რეიტინგების სააგენტო Fitch Ratings-ის წარმომადგენელი გაზეთ THE FINANCIAL-თან ინტერვიუში აცხადებს.
Fitch Ratings-ის უფროსი ანალიტიკოსი დსთ-ის ქვეყნებში აღნიშნავს, რომ ამ გამსხვილებამ საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა შემდგომი გამსხვილებები გამოიწვიოს. მისივე თქმით, სექტორში პატარა მოთამაშეები, რომლებმაც საკუთარი ნიშა იპოვნეს და ფოკუსირებას მცირე ბიზნესისა და საცალო ბიზნესის კლიენტების მომსახურებაზე აკეთებენ მაინც კარგ პოზიციებს იკავებენ. კითხვაზე უნდა შეწინააღმდეგებოდა თუ არა ეროვნული ბანკი “თი ბი სი“ ბანკის ბანკ “რესპუბლიკას“ შესყიდვას, რადგან ის ბაზარზე კონკურენციის პოლიტიკას აკონტროლებს, იგნატევა პასუხობს, რომ ეს საკითხი ხელისუფლებამ უნდა განიხილოს. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ამ გარიგებამდე საქართველოს საბანკო სექტორში უკვე ორი დომინანტი მოთამაშე ყავდა. როგორ ითარგმნება Fitch-ის შეფასება ფიანანსური ენიდან ჩვენი, ფართო მაყურებლის ენაზე, ამაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ “საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი საუბრობს.
-რა შთაბეჭდილება დაგრჩათ პირადად თქვენ, ემხრობა თუ ეწინააღმდეგება Fitch-ი ამ გარიგებას?
-აღნიშნულის შეფასებით გარკვეული კომენტარები გაჟღერდა, რომელიც ამბობს, რომ კონკურენცია მცირდება, ვინაიდან ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა უფრო რთულდება, რაც მომხმარებელზე გარკვეულწილად ასახვას ჰპოვებს. მეორე მხრივ, საუბარი იყო იმაზე, რომ ფინანსური სტაბილურობა იზრდება. ერთი შეხედვით, რომ თქვა მომხმრეა თუ წინააღმდეგი, რთულია თქვა, რადგან აქ გარკვეული ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები იყო. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ შედეგებს ვნახავთ, შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ხელსაყრელი იყო, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც კონკურენცია მცირდება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის მომხმარებელზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მცირე ბაზარია, რის გამოც თავის დროზე სხვა ინსტიტუტები გავიდნენ ბაზრიდან, იგივე “სოსიეტე ჟენერალი“, რომელმაც ფაქტიურად ბაზარი დატოვა და ყოველივე ეს მეტ ბარიერს ქმნის და მსხვილი მოთამაშის შემოსვლა საკმაოდ რთული იქნება. ამ პირობებში ახალი მოთამაშის გამოჩენა სასურველი იყო.
-საინტერსეოა Fitch-ი როგორ ზომავს თვითონ “სოსიეტე ჟენერალის“ ეფექტს. იგი პრაქტიკულად ამბობს, რომ ამ ბანკის ბაზრიდან გასვლით დიდი არაფერი შეიცვლება, რადგან ბაზარზე ორი მსხვილი კომერციული ბანკი დომინირებს. ამ არგუმენტზე რას გვეტყვით?
-ჩემი აზრით, “ბანკი რესპუბლიკა“ გარკვეულ კონკურენციას ქმნიდა, ვინაიდან სავარაუდოდ, ბაზარზე მესამე ბანკი იყო თავის სასესხო პორტფელს თუ გავითვალისწინებთ, რომელიც გარკვეულწილად ახალი მომხმარებლის მოზიდვას ცდილობდა და ამის ხარჯზე დაბალ საპროცენტო განაკვეთში გასცემდა სესხებს. თუ გავითვალისწინებთ არა აქტივების სიდიდეს, არამედ იგივე სასესხო პორტფელს, ან კლიენტების რაოდენობას, რომელიც თავს იყრიდა ამ კომერციულ ბანკში, ის გარკვეული არჩევანის საშუალებას ნამდვილად ტოვებდა. არა მარტო სესხების კუთხით, არამედ იმ საბანკო მომსახურებების კუთხით, რომელიც მას გააჩნდა.
-როგორ ფიქრობთ, ეროვნული ბანკი როგორ უნდა მოქცეულიყო ამ შემთხვევაში?
-საკმაოდ რთულია თქვა, უნდა დაებლოკა თუ არა. ამის შეფასება გარკვეულწილად ბეწვის ხიდზე გავლას ნიშნავს. შესაძლებელია საბოლოო ჯამში ეს მომხმარებელზე ისე მკვეთრად არ აისახოს, თუმცა, გარკვეულ ასახვას მაინც ჰპოვებს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის მნიშვნელობა, როგორც რეგულატორის, მომავალში უფრო დატვირთული იქნება. როდესაც ბაზარი ფაქტობრივად ოლიგოპოლიისკენ იხრება, უკვე შესაძლებელია ეროვნულმა ბანკმა მომავალში მეტი ჩარევა მოახდინოს, რომ ბაზარზე კონკურენციის ზრდა უზრუნველყოს.

























