გლდანსა და მცხეთაში იუსტიციის სახლები აშენდება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა. ტენდერის მიხედვით სულ დაგეგმილია 8 ობიექტის მშენებლობა, რომელთა საერთო ღირებულებაც 27 მილიონი ლარი იქნება.
“სსიპ "იუსტიციის სახლის" ფილიალების - მცხეთის, გლდანის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის შროშის, ცაიშის, ზოტის და ტოლების იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა”, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თითოეული იუსტიციის სახლის მშენებლობის ზღვრული ღირებულება ასე ნაწილდება:
- მცხეთის იუსტიციის სახლის - 4 546 217.15 ლარი
- გლდანის იუსტიციის სახლის - 11 428 625,41 ლარი
- საგარეჯოს იუსტიციის სახლის - 3 781 888.13 ლარი
- ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის - 1 457 038.49 ლარი
- შროშის იუსტიციის სახლის - 1 475 082.30 ლარი
- ცაიშის იუსტიციის სახლის - 1 372 841.76 ლარი
- ზოტის იუსტიციის სახლის - 1 409 246.39 ლარი
- ტოლების იუსტიციის სახლის - 1 488 703.25 ლარი.
გამოქვეყნებული პირობების თანახმად, მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია, რომ შესრულებული აქვს არანაკლებ 4 ისეთი ხელშეკრულება, რომელთა თითოეულის ღირებულებაც არანაკლებ 10 მილიონი ლარი იყო.
“პრეტენდენტს 2018 - 2023 წლების პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, დასრულებული უნდა ქონდეს ანალოგიური ტიპის სამუშაოები, (შენობის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მოიცავს მიწის, საძირკვლისა და რკიბა-ბეტონის მოწყობის, გადახურვისა და ფასადის სამუშაოებს), არანაკლებ 4 ხელშეკრულება, რომელთა ჯამური ღირებულებაც არ უნდა იყოს 10'000'000 (ათი მილიონი) ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 10-დან 15 ნოემბრამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი.