მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანის მოსახლეობა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენების წვას აპროტესტებს

632881d049836
თათია ჩაფიჩაძე
19.09.22 23:45
844
მოსახლეობა გლდანში არსებული არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ნარჩენების უკანონო წვას აპროტესტებს.

„გვიშველეთ-გვახრჩობენ“ - ამ სახელწოდებით ადგილობრივებმა 18 სექტემბერს საპროტესტო აქციაც გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე წლებია ტოქსიკური ნამწვით მოსახლეობის მოწამვლის ფაქტების შესახებ ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია თუმცა რეაგირება არ ხდება.

თემაზე „საქმიანი დილას“ ეთერში თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარმა კონსტანტინე ზარნაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2 დღის წინ თბილისის შემოვლით გზაზე კრიმინალური პოლიციისა და მუნიციპალური ინსპექციის დახმარებით სამედიცინო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტის გამოვლენა მოხდა. მოკვლევით დადგინდა, რომ შპს "ეკომედის" მანქანით სამედიცინო ნარჩენების დაყრა სისტემატურად ხდებოდა, რის გამოც კომპანიას სამართლებრივი ღონისძიებებით გათვალისწინებული ყველა სანქცია დაეკისრება.

“გლდანში ადამიანები დიდი ხანია ტოქსიკური ნამწვით იწამლებიან. ახლა შევეჩეხე ამ პრობლემას, რადგან ჩემი მაჟორიტარობის პირველი წელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პრობლემა მოგვარდეს. ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე აქტიური პატრულირება უკვე დავიწყეთ. ცეცხლის კერების გაჩენის შესახებ მოსახლეობისგან ვიგებთ და ადგილზე მივდივართ. სწორედ ასეთი პატრულირების შედეგად 2 დღის წინ სამედიცინო ნარჩენი იწვებოდა, რომელიც შპს „ეკომედს" ეკუთვნოდა. კომპანია 5 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული საკითხი შემდგომი მოკვლევისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცა.

ესაა კომპანია, რომელსაც კლინიკებთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომ სამედიცინო ნარჩენები გაიტანოს და წესისამებრ გაანადგუროს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ისინი ფულს კლინიკებისგან იღებენ, რომლის ნაწილიც ამის უნდა მოხმარდეს განადგურებას თუმცა ასე არ ხდება. მათ ნარჩენები გლდანის ტერიტორიაზე მიაქვთ და წვავს. გარდა ამისა, იქ დასაწყობებული ასობით ვნახეთ. პატრულირებისა და მონიტორინგის გაძლიერებას ვაპირებთ. უკვე ვიცით რა ლოკაციებზე შეიძლება სჩადიოდნენ მსგავსი კომპანიები ამ ტიპის მავნებლობას,“ - განაცხადა ზარნაძემ.

BMG კომენტარისთვის კომპანია “ეკომედს” დაუკავშირდა. კომპანიის დირექტორი კახაბერ ხუბუა კომპანიის ბრალეულობას უარყოფს და ამბობს, რომ მძღოლმა ნაგავსაყრელზე ნარჩენების დაწვის გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო.

კითხვაზე იზიარებს თუ არა კომპანია მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას, ხუბუა ამბობს, რომ „სამომავლო მძღოლების არჩევას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.“

„დააჯარიმეს ჩემი მძღოლი, როგორც ფიზიკური პირი, რომელმაც თვითნებურად გადაწყვიტა ნარჩენის გადაყრა. ჩვენი კომპანია ბაზარზე 14 წელია არის ყველა წესის დაცვით. დღემდე ავტორიტეტით მოვედით. მთელი საქართველო, როგორც კეთილსინდისიერ კომპანიას ისე გვიცნობს და გაუგებარი რაღაც მოხდა, ჩვენც გაოგნებულები ვართ. მძღოლი ცხადია იმავე დღეს გათავისუფლდა სამსახურიდან, კომპანია შემდგომში კადრების შერჩევას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება,“ - განაცხადა ხუბუამ.

ცნობისთვის: კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პს “ეკომედი” საქართველოს ბაზარზეა 2009 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა სამედიცინო, ფარმაცევტულ და სხვა სახის დაწესებულებაში სამედიცინო და სახიფათო ნარჩენების გატანასა და გაუვნებელყოფას, სთავაზობს საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტებით მაღალხარისხიან მომსახურებას. შესაბამისი აღჭურვილობით და მაღალტექნოლოგიური, ბრიტანეთში შეძენილი დანადგარებით (ინსინერატორი) ახორციელებს გარემოსთვის საფრთხისმომცველი (ინფექციური-სახიფათო) ნარჩენების განადგურებას.

კომპანია “ეკომედი” ემსახურება საქართველოს ყველა რეგიონს და პარტნიორობს ისეთ კლინიკებთან და სტაციონარულ საავადმყოფოებთან როგორიც არის სამედიცინო კორპორაცია ევექს-ის ყველა სამედიცინო დაწესებულება რეგიონებში, ჯეოჰოსპიტალსის კლინიკები რეგიონებში, სსიპ სსდს რეგიონებში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკები, ალიანს მედის და ახალი სამედიცინო ცენტრის კლინიკები, ავერსის, არქიმედეს კლინიკები, სხვადასხვა სახის ესთეტიკური ცენტრი. ასევე კომპანია “ეკომედი” ემსახურება რეგიონებში არსებულ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფილიალებს და სასჯელაღსრულების რეგიონების დაწესებულებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები