პირველი ქართული დისტანციური ავტოსამრეცხაო GleamGo, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა, მალე განახლებულ აპლიკაციას ჩაუშვებს. კომპანიის თანადამფუძნებელი მიხეილ ჭიღლაძე სტარტაპის კონცეფციის შესახებ BM.GE-სთან საუბრობს.
„ჩვენს აპლიკაციაში თბილისის მასშტაბით ნებისმიერი მანქანის დარეგისტრირება შეგიძლიათ. რეგისტრაციის შემდეგ, სადაც არ უნდა იყოთ დაპარკინგებული, გამოიძახებთ „გლიმერს“, რომელიც თქვენს მანქანასთან მივა და სპეციალური ეკოხსნარით გარეცხავს მას. იმ შემთხვევაში თუ მანქანის მფლობელი, მასთან ახლოსაა და გლიმერისთვის კარის გაღემა შეუძლია, მანქანის შიგნიდან რეცხვის არჩევანიც გვაქვს. შესაბამისად, GleamGo რეცხვის სრულ სერვისს გთავაზობთ, ავტო სამრეცხაოში მისვლის გარეშე, სტარტაპის კონცეფცია უცხოეთიდან გადმოვიტანეთ და ქართულ რეგულაციებს მოვარგეთ.
აპლიკაციას პირველად ჩაშვების შემდეგ დიდი დაინტერესება მოყვა, თუმცა გარკვეული ხარვეზები გვქონდა, რომელთა გამოსწორებაზეც ვმუშაობთ და ვფიქრობთ, ზაფხულისკენ უკვე გაუმჯობესებულ ვერსიას გამოვუშვებთ“, - აღნიშნავს მიხეილ ჭიღლაძე.
სტარტაპის თანადამფუძნებელი გამოწვევებზე საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში სიახლის დანერგვა საკმაოდ რთულია და კომპანიას როგორც მომხმარებლებისგან, ასევე პოტენციური თანამშრომლებისგან ნდობის მოპოვება უჭირს.
„ძალიან რთულია, საქართველოში ისეთი საქმე წამოიწყო, რაც უმრავლესობისათვის სიახლეა და უცხოა. ხშირად გვესმის, რომ ადამიანებს ჩვენი გლიმერებისათვის მანქანის ნდობა უჭირთ, თუმცა არც იმის დრო აქვთ, სამრეცხაოში წაიყვანონ. ვცდილობთ, ამ კუთხით ვიმუშაოთ და ხალხი დავარწმუნოთ, რომ სიახლე კარგია და სტარტაპს შანსი მისცენ.
გარდა ამისა, გვიჭირს ისეთი კადრების პოვნა, ვინც საქმეს პირნათლად შეასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე, მაგალითად, საკურიერო სერვისებში, ადამიანებს არ სჯერათ, რომ ეს საქმე მომგებიანი იქნება“, - ამბობს მიხეილ ჭიღლაძე.
GleamGo-ს დამფუძნებელი კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აპლიკაცია დედაქალაქის ფარგლებს გარეთ გეგმავს გასვლას და ფიქრობს, რომ ქუთაისსა და ბათუმშიც ხელმისაწვდომი გახდება.
ინფორმაციისთვის, GleamGo დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შეიქმნა და ამ დრომდე კომპანიის ხარჯი 50 000 ლარამდეა.

























