მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გლობალურ ცვლილებებს ADB-ის მიდგომები არ შეუცვლია, რაც პოზიტიური გზავნილია" – ინტერვიუ გიორგი კუპრაშვილთან

გიორგი კუპრაშვილი

BMG-იმ მილანში ADB-ის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზე "გალტ&თაგარტის" გენერალურ დირექტორთან გიორგი კუპრაშვილთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი შეეხო ADB-ის პრიორიტეტებს და ამ პრიორიტეტების კონტექსტში საქართველოს პოტენციალის შეფასებას. გიორგი კუპრაშვილს მიაჩნია, რომ გლობალურად მაღალი გაურკვევლობის პირობებშიც, საქართველოს კაპიტალის მოზიდვის პრობლემა არ შეექმნება, რადგან ქვეყნის მიმართ ინტერესი მაღალი რჩება.

რა მიზნებით ჩამოხვედით მილანში და რა შედეგებით ბრუნდებით თბილისში?

ორ მთავარ მიმართულებას გამოვყოფდი. პირველი, ჩვენს პარტნიორთან ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაძლიერეთ და განვლილი და მიღებული შედეგებიც შევაჯამეთ. კიდევ ერთხელ მივიღეთ მზადყოფნა როგორც ADB-ისგან, ასევე სხვა კერძო ფონდებისგან, რომ საქართველოს ბაზრით დაინტერესება საკმაოდ დიდია და კაპიტალის ინვესტირება გაგრძელდება. განსაკუთრებით, ESG ნაწილში. და მეორე, სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებს, კომპანიებს, რეალური ეკონომიკის წარმომადგენლებს – კაპიტალის ბაზრების ნაწილში ADB-ის ინიციატივების უშუალო ბენეფიციარებს – გავუზიარეთ ჩვენი რეგიონის პერსპექტივა. ეს გამოცდილება საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების მხრივ, ცალსახად ლიდერად წარმოაჩენს როგორც კავკასიის ისევე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცენტრალური აზიის რეგიონშიც და ეს იმის მიუხედავად, რომ მასშტაბი ბევრ ამ ეკონომიკებთან შედარებით ნაკლები გვაქვს. სამაგიეროდ, ინტერესი და სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტების არსებობა ჩვენთან გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ბაზრებზე. ეს იყო ძირითადი ორი მთავარი ამოცანა, რომელიც შევასრულეთ.

ამ დღეებში სხვადასხვა სესიაზე გამართულ გლობალური თუ რეგიონალური გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ დისკუსიებში გალტ ენდ თაგარტის ანალიზის არეკვლა თუ დაინახეთ?

კარგი კითხვაა. დავინახეთ. განსაკუთრებით ბოლო 100 დღის მოვლენების გავლენის კონტექსტში. ამ დღეების გამო გლობალური ეკონომიკური პრაქტიკები და მიდგომები გადაწერის პროცესშია და ეს ეხება, როგორც ESG-ის, ისე სავაჭრო და ეკონომიკურ პოლიტიკას. ამ ჭრილში ვცდილობდით, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და შეფასებას და იმის ანალიზს, ეს ყველაფერი რამდენად ცვლის დიდ სურათს. ამას, რა თქმა უნდა, თავისი ფასი ექნება, მაგრამ გარკვეული პოზიტივი მაინც შეინიშნება იმიტომ, რომ განვითარების საფინანსო ინსტიტუტები ძალიან მონდომებულები არიან, დაწყებული და მათ მანდატში არსებული ყველა პრიორიტეტი უცვლელად შეასრულონ და თავიანთ დღის წესრიგს მიყვნენ თანმიმდევრულად. გლობალურ ცვლილებებს მკვეთრი ნეგატიური ცვლილებები ამ მიდგომებში ჯერჯერობით არ მოჰყოლია. ეს მოცემულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ბაზრების განვითარებისთვის. ასე რომ, ეს ცალსახად პოზიტიური გზავნილია. რა თქმა უნდა, გრძელვადიან სურათზე არავინ არ ვიცით როგორ ჩამოყალიბდება და ეს ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ, მაგრამ ზოგადად პოზიტიური შთაბეჭდილება დაგვრჩა იმ უკვე არსებული მიდგომების ერთგულების დადასტურებით, რაზეც ეს ინსტიტუციები დგას და რაც, ბუნებრივია, ჩვენნაირ ქვეყნებში და საქართველოში კაპიტალის ბაზრებს ავითარებს.

ADB მწვანე მიმართულებაში 2030 წლამდე 40 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს. დაფინანსებები სხვა მიმართულებითაც იზრდება, ზოგჯერ ორჯერ, ზოგჯერ ოთხჯერ. საქართველოს რა ნაწილში აქვს პოტენციალი ამ თანხის ნაწილი მოიზიდოს განვითარებისთვის?

ძალიან კარგი კითხვაა. მწვანე მიმართულება დიდი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ჰიდრორესურსების ათვისება ჯერ კიდევ დაბალ ნიშნულზეა და ეს დიდი პოტენციალის მანიშნებელია. ამ საკითხს სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს. ერთია პოლიტიკა, მიდგომების განვითარება და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები. მეორეა, კერძო სექტორის ანუ ინვესტორების დამოკიდებულება და აქ მაღალი დაინტერესება გვაქვს. მესამეა, კაპიტალზე ხელმისაწვდომობა და აქ ADB-ის და განვითარების სხვა პარტნიორებს ჩართულობის დიდი მზაობა ჩანს. ეს მიანიშნებს, რომ ADB-ის მომავალი ზრდის პარალელურად, ძალიან დიდი კაპიტალი შეგვიძლია მოვიზიდოთ და მივმართოთ მწვანე და განახლებადი ენერგიის ინიციატივებში. გალტ ენდ თაგარტის როლსაც ასე ვხედავთ: ყველა მოთამაშის შუამავალი იყოს და ეს კაპიტალი რეალურ პროექტებში და რეალურ შედეგებში გადაზარდოს.

ბოლო კითხვა – როგორ აფასებთ ADB-ის მკაფიო აქცენტებს კერძო სექტორთან თანამშრომლობის გააქტიურებასთან დაკავშირებით?

პოზიტიური სიახლეა. ფინანსურ საზოგადოებას სჯერა და მეც ვეთანხმები, რომ კერძო სექტორი კაპიტალის ყველაზე ეფექტური გამომყენებელია: გაცილებით მეტი რეალიზებული შედეგი დგება და ჩვენ სწორედ აქ ვხედავთ ზრდის უდიდეს პოტენციალს. ალბათ ADB-ის სტრატეგიის ცვლილებაც ამას უკავშირდება: განვითარების ბანკიც ხედავს ამ ინტერესს კერძო სექტორის მხრიდან და იმასაც სწორად აფასებს, რომ კერძო სექტორში დაბანდებული ყოველი დოლარი უფრო სტაბილური და გრძელვადიანი ზრდის განმაპირობებელია. არის პროექტები, რომლებიც კერძო სექტორის ფოკუსში არ მოხვდება და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ სადაც ეს პოტენციალი არსებობს, იქ კერძო სექტორის ჩართულობა სჯობს, რადგან მის აქტივობას ეკონომიკისთვის სხვა თანმდევი პოზიტიური ეფექტებიც მოჰყვება, რაც გრძელვადიანი ზრდის საფუძველი შეიძლება გახდეს. ADB-ის ხედვა ამ ნაწილში აბსოლუტურად სწორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები