მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური ეკონომიკის ზრდა 2.1%-მდე შემცირდება - მსოფლიო ბანკი

648b1f54b9f23
BM.GE
16.06.23 00:30
563

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების ანგარიშის თანახმად, გლობალური ზრდა 2022 წელს არსებული 3.1%-დან 2023 წელს 2.1%-მდე შემცირდება.

”მსოფლიო ეკონომიკა არასაიმედო მდგომარეობაშია. აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ფარგლებს გარეთ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმ დინამიზმის მისაღწევად, რომელიც საჭიროა სიღარიბის აღმოსაფხვრელად, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების დასაძლევად და ადამიანური კაპიტალის შესავსებად. 2023 წელს ვაჭრობა გაიზრდება პანდემიამდე რამდენიმე წლის განმავლობაში არსებული ტემპის მესამედზე ნაკლებით. ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ვალის წნეხი იმატებს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო. ფისკალურმა სისუსტეებმა უკვე ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყანა სავალო კრიზისამდე მიიყვანა,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით გილმა.

ანგარიშის თანახმად, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 2022 წელს არსებული 2.6%-დან ზრდა წელს შენელდება 0.7%-მდე და 2024 წლის განმავლობაში დაბალ დონეზე შენარჩუნდება. 2023 წლის 1.1%-იანი ზრდის შემდეგ, აშშ-ის ეკონომიკა 2024 წელს 0.8%-მდე შენელდება, ძირითადად, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდის გავლენის გამო. ევროზონაში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის შენელება 0.4%-მდე 2022 წლის 3.5%-დან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შემაფერხებელი ეფექტის გამო.

ამასთან ერთად, ანგარიშში მოცემულია ფისკალური პოლიტიკის გამოწვევების ყოვლისმომცველი შეფასება დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ეს ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. საპროცენტო განაკვეთების ზრდამ გაამძაფრა მათი ფისკალური პოზიციების გაუარესება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სახელმწიფო ვალი ახლა საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 70%-ს შეადგენს. საპროცენტო გადახდები ამცირებს სახელმწიფოს შეზღუდულ შემოსავლებს.

დაბალი შემოსავლის მქონე 14 ქვეყანა უკვე იმყოფება სავალო კრიზისში ან მის პირზეა. ხარჯების ზეწოლა გაიზარდა ამ ქვეყნებში. არახელსაყრელი შოკები, როგორებიცაა ექსტრემალური კლიმატური მოვლენები და კონფლიქტები, კიდევ უფრო მეტად აუარესებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში შინამეურნეობების მდგომარეობას, ვიდრე სადმე სხვაგან, სოციალური უსაფრთხოების შეზღუდული ქსელების გამო. საშუალოდ ეს ქვეყნები მშპ-ის მხოლოდ 3%-ს ხარჯავენ თავიანთ ყველაზე დაუცველ მოქალაქეებზე, რაც განვითარებადი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე (26%) დაბალია.

რეგიონული ხედვები:

აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები:
მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება 5.5% -მდე 2023 წელს და შემდეგ 2024 წელს 4.6% -მდე კლება.

ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნები:
რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ, ოდნავ 1.4% -მდე მოიმატებს 2023 წელს სანამ გაიზრდება 2.7% -მდე 2024 წელს.

ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები:
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1.5% შემცირდება 2023 წელს სანამ 2% -მდე მოიმატებს 2024 წელს.

ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები:
2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 2.2% -მდე და 2024 წელს მატება 3.3% -მდე.

სამხრეთი აზიის ქვეყნები:
ეკონომიკური ზრდა 5.9% -მდე დაიკლებს 2023 წელს და 2024 წელს კი 5.1% -მდე.

საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები:
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდება 3.2% -მდე 2023 წელს და 2024 წელს 3.9% -მდე მოიმატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები