მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური ელექტროენერგიის 30%-ზე მეტი განახლებადი რესურსებიდან გენერირდება - Ember-ის კვლევა

მწვანე ენერგია

ორგანიზაცია Ember-ის ახალი კვლევის თანახმად, 2023 წელს განახლებადი რესურსებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა და გლობალური მოცულობის 30%-ს გადააჭარბა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს განსაკუთრებულად გაიზარდა ქარისა და მზის ენერგიის გენერაცია, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ევროკავშირის ქვეყნებმა შეიტანეს.

“გლობალური ელექტროენერგიის” ყოველწლიური ანგარიში Ember-მა სამშაბათს, 7 მაისს გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია როგორც მსოფლიოს 80 ქვეყანა, რომლებიც ელექტროენერგიის გლობალური მოხმარების 92%-ს ფარავენ, ასევე ისტორიული მონაცემები მსოფლიოს 215 ქვეყნიდან. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მწვანე ენერგიის წარმოების სწრაფი ტემპით ზრდა ხელს უწყობს წიაღისეული საწვავით გენერაციის შემცირებასაც.

კვლევითი ცენტრის დირექტორი, დეივ ჯონსი აღნიშნავს, რომ მომავალი, რომელშიც განახლებადი რესურსები დომინირებენ, უკვე ახლოსაა. მისივე თქმით, განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით მზის ენერგიის გენერაცია იზრდება. გასულ წელს, მზის სადგურები ენერგიის მთავარი წყარო გახდა და იმაზე ორჯერ უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ვიდრე - ქვანახშირის სადგურებმა. ამასთან, მზის ენერგიამ ზედიზედ მეცხრამეტედ შეინარჩუნა ენერგიის ყველაზე სწრაფად მზარდი წყაროს ტიტული.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მწვანე ენერგიის წარმოება, შეიძლებოდა, გაცილებით მაღალი ყოფილიყო, თუმცა ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია ხუთწლიან მინიმუმამდე დაეცა. წყლის ენერგიის შემცირების მიზეზი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დაფიქსირებული გვალვა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები