ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გავლენით გლობალურ ბაზარზე სასუქებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, კერძოდ კი ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორია, სასუქების წარმოებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ცენტრია. კონფლიქტის გამო შეფერხებული საზღვაო მიმოსვლა მსოფლიო ბაზარზე როგორც ფიზიკურ დეფიციტს, ისე პროდუქციის მნიშვნელოვან გაძვირებას იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასუქების სრული დეფიციტი ადგილობრივი წარმოების ხარჯზე მოსალოდნელი არ არის, საინვესტიციო ბანკ თიბისი კაპიტალის უფროს ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ გლობალური ფასების ზრდა ადრე თუ გვიან ადგილობრივ ბაზარზეც აისახება.
“2025 წლის მდგომარეობით, ჯამურად, მსოფლიო მასშტაბით ექსპორტირებული შარდოვანას, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი სასუქის ტიპია ამიაკის სასუქებთან ერთად, დაახლოებით 33%-ის ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი ჰორმუზის სრუტე.
გლობალურად მნიშვნელოვნად გაზრდილია ფასები. შარდოვანას ფასი, რომელიც ბევრად უფრო გლობალური ტიპის სასუქია და გლობალური ბენჩმარკია, დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი ომის დაწყებიდან დღემდე და კიდევ უფრო იზრდება.
საქართველო არის ისეთი რეგიონი, სადაც სასუქის დეფიციტი, უახლოეს პერიოდშიც არ უნდა არსებობდეს. ამის მიზეზი არის ისიც, რომ ჩვენ გვაქვს ადგილობრივი საწარმო, რომელიც გვარჯილას აწარმოებს. ასევე იმპორტი ხდება რუსეთიდან, რომელიც საერთოდ არ არის ამ კონფლიქტში ჩართული, მაგრამ პრობლემა სად მდგომარეობს იცით?!
დღევანდელ გლობალიზებულ ეკონომიკაში ფასები რომ იზრდება ერთგან, იზრდება ყველგან. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რუსეთში შეიძლება რაღაცის ფასი არ გაიზარდა, მაგრამ თუ გაიზარდა ფასი, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო, მაშინ შენ, როგორც ქვეყანამ, უნდა გადაიხადო ახლა უფრო ძვირი, იმიტომ, რომ რუსმა მწარმოებლებმა არ გადაწყვიტონ სხვაგან წაიღონ შენი სასუქი და მოიტანონ შენთან და ამიტომ ყველას გვიწევს, რომ უფრო მაღალი ფასი გადავიხადოთ.
ასევე სასუქებს შორის განსხვავება არსებობს. მაგალითად, გვარჯილას რუსთავის აზოტი აწარმოებს, შარდოვანას არა. შესაძლებელია, რომ ამ პროდუქტების მხრივ განსაკუთრებული დეფიციტი შეიქმნას საქართველოში. ის ბიზნესები, რომლებიც იყენებენ ამ პროდუქტებს და განსაკუთრებით ის ბიზნესები, რომლებიც, შეიძლება, საუდის არაბეთიდან, ომანიდან, ერაყიდან, კატარიდან ყიდულობდნენ ამ პროდუქციას, ნამდვილად შეექმნებათ ფიზიკური დეფიციტები, თუ უკვე არ შეექმნათ უახლოეს პერიოდში, სანამ ეს კონფლიქტი იქნება მიმდინარე.
ვფიქრობ, საქართველო აუცილებლად გავლენის ქვეშ მოჰყვება ამ ამბავში, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით უფრო დივერსიფიცირებულია ჩვენი ინდუსტრია”- აცხადებს რატი წიკლაური.
მისი შეფასებით, გლობალურად შექმნილი კრიზისი, ამავდროულად, შესაძლებლობას აძლევს „რუსთავის აზოტს“, გაზარდოს წარმოება და გაიმყაროს პოზიციები არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზეც.
"ეს კრიზისი შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეულ შესაძლებლობას ადგილობრივი მოთამაშისთვის, გაზარდოს წარმოება და პოზიციონირებდეს უფრო ძლიერი მოთამაშე, მათ შორის რეგიონშიც, რადგან რუსთავის აზოტი დიდი ექსპორტიორია.
ბიზნესი მუშაობს მოგების მაქსიმიზაციაზე. შესაბამისად, თუ შესაძლებლობა ექნება თუნდაც რუსთავის აზოტს ექსპორტზე გაიტანოს მისი წარმოებული გვარჯილა ბევრად უფრო მაღალ ფასად, რადგან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობაა, საქართველოშიც გაიზრდება სასუქის ფასები.
ამასთან, იმისთვის, რომ ადგილობრივი ნაწარმი დარჩეს ადგილობრივ ბაზარზე, ფასით უნდა მოხდეს ექსპორტიორის დარწმუნება, რომ მან არ გაიტანოს უცხოეთში თავისი პროდუქცია, სხვა გზა აქ არ არსებობს",-აცხადებს საინვესტიციო ბანკის უფროსი ანალიტიკოსი.
ამასთან, რატი წიკლაური ამბობს, რომ სასუქების გაძვირება პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის პროდუქტების თვითღირებულებაზე, რაც საბოლოოდ სურსათის ფასების ზრდას გამოიწვევს. სასუქებისა და ნავთობპროდუქტების გაძვირების გავლენით მოსალოდნელია, რომ ფერმერები ან გაზრდიან ფასებს, ან წარმოებას შეამცირებენ.




























