გლობალურმა სახელმწიფო ვალმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2025 წელს 111 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც ხუთჯერ მეტია 2000 წელს არსებულ 19.7 ტრილიონ დოლარზე. ვალის ჯამური მაჩვენებელი მსოფლიო ეკონომიკის 95%-მდეა, რიგ ქვეყნებს კი საკუთარ GDP-ზე 2-ჯერ და მეტად მაღალი მოცულობის ვალი აქვთ.
რატომ იღებენ სახელმწიფოები ვალს და ვინ ფარავს მას?
ვალის მაჩვენებლის ზრდა ძირითადად განპირობებულია აშშ-ში, ჩინეთსა და ევროზონაში მუდმივი ფისკალური დეფიციტით, ანუ ბიუჯეტიდან იმაზე მეტი ხარჯვით, ვიდრე მიღებული შემოსავალია. საგულისხმოა, რომ ვალის ყველაზე მკვეთრი მატება 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და 2020 წლის კოვიდ პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა, როდესაც სახელმწიფოებს ხარჯები მკვეთრად გაეზარდათ. გარდა ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებისა და კრიზისების მართვისა, ქვეყნები ვალს ეკონომიკური განვითარების დასაფინანსებლად, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ასევე, უკვე არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვისაც იღებენ.
სახელმწიფო ვალს, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მოსახლეობა, ანუ გადასახადის გადამხდელები იხდიან. მისი დაფარვის ძირითად წყაროებს შორისაა საგადასახადო შემოსავლები, ანუ ბიუჯეტში მოქალაქეების/ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადები, ასევე ეკონომიკური ზრდა - ახალი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ზრდის ბიუჯეტს, თუმცა თუ რესურსი საკმარისი არაა, ხდება რეფინანსირება (ახალი სესხის აღება ძველის მომსახურებისთვის). სახელმწიფო ვალის ბუნების კიდევ ერთი მახასიათებელი ისაა, რომ მისი გადახდის ტვირთი მათ შორის მომავალ თაობებს გადაეცემა. სწორედ ამიტომ, ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ვალის მდგრადობა და მისი მართვის ეფექტური პოლიტიკა, რაზეც საფინანსო ინსტიტუტებიც ამახვილებენ ყურადღებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მოლოდინია, რომ 2029 წლისთვის გლობალური სახელმწიფო ვალი მსოფლიო ეკონომიკას გადააჭარბებს. ამ ფონზე, IMF-ის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ქვეყნებს მოუწოდებს მდგრადი ზრდისკენ კერძო სექტორის პროდუქტიულობის გაზრდით, ხარჯების კონსოლიდაციით, ვალების შემცირებით და მიმდინარე ანგარიშის ჭარბი დისბალანსის გადაჭრით, რაც შემდეგი კრიზისისთვის ბუფერების აღდგენაში დაეხმარებათ.
გლობალური სახელმწიფო ვალის ტენდენციები
არსებული მონაცემებით, გლობალური სახელმწიფო ვალის ნახევარზე მეტი ორ ქვეყანაზე მოდის - ამერიკის შეერთებულ შტატებს 38.3 ტრილიონი დოლარის ვალი აქვს, ხოლო ჩინეთს - 18.7 ტრილიონი დოლარის. აშშ-ის შემთხვევაში ვალის ზრდა მკვეთრად დაჩქარდა 2020 წელს, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა ფედერალური ვალი ერთ წელში 23.4 ტრილიონი დოლარიდან 28.3 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა. მას შემდეგ ტენდენცია აღმავალია, რასაც ხელს უწყობს ბიუჯეტის დეფიციტის, საპროცენტო ხარჯების ზრდა და მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაციის, ანუ ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯების არარსებობა.
2000 წელს მხოლოდ 0.2 ტრილიონი დოლარიდან დაწყებული, ჩინეთის სახელმწიფო ვალი წელიწადში დაახლოებით 18%-ით იზრდებოდა, რაც დოლარებში გამოსახულ გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით 14-ჯერ მეტია. ეს დიდწილად ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარების დასაფინანსებლად აღებული სესხებს უკავშირდება.
იაპონია მესამეა ყველაზე დიდი ვალის მქონე ქვეყნებში. იაპონიის ვალმა პიკს 2012 წელს მიაღწია და 14.2 ტრილიონი დოლარი იყო, თუმცა მას შემდეგ 9.8 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ იენის დოლართან მიმართებით გაუფასურებას უკავშირდება ვინაიდან ვალი იენშია დენომინირებული. შიდა კონსოლიდაციის თვალსაზრისით, იაპონიის ვალი მშპ-სთან თანაფარდობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 230%-ს აღემატება.
რაც შეეხება ევროკავშირის ჯამურ მაჩვენებელს, ვალი 2021 წლის პიკური 15.5 ტრილიონი დოლარიდან 2022 წელს 14.3 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2025 წელს კვლავ 17.6 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, რადგან წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვისა და ენერგეტიკის ხარჯები გაზარდეს.
უახლესი ტენდენციებიდან აღსანიშნავია ისიც, რომ 2022–2025 წლების პერიოდს მაღალი ვალის მაჩვენებლის გარდა ამ ვალის სიძვირეც ახასიათებს. საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად, ვალის მომსახურების ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით აშშ-სა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის.
იმ ქვეყნების ათეული, რომელთაც ყველაზე დიდი ვალი აქვთ, ასე გამოიყურება:
- 1. აშშ - $38.3 ტრილიონი
- 2. ჩინეთი - $18.7 ტრილიონი
- 3. იაპონია - $9.8 ტრილიონი
- 4. დიდი ბრიტანეთი - $4.1 ტრილიონი
- 5. საფრანგეთი - $3.9 ტრილიონი
- 6. იტალია - $3.5 ტრილიონი
- 7. ინდოეთი - $3.4 ტრილიონი
- 8. გერმანია - $3.3 ტრილიონი
- 9. კანადა - $2.6 ტრილიონი
- 10. ბრაზილია - $2 ტრილიონი
რაც შეეხება საქართველოს, 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.4 მილიარდ დოლარს აღწევს.




























