გლობალურ საზღვაო გადაზიდვებში ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება. წამყვანი ანალიტიკური პლატფორმის, Drewry-ის მსოფლიო კონტეინერების ინდექსი (WCI) 9%-ით გაიზარდა და 40-ფუტიან სტანდარტულ კონტეინერზე $4,530 შეადგინა.
ფასების ნახტომი ძირითადად ტრანსწყნარი ოკეანისა და აზია-ევროპის უმსხვილეს სავაჭრო მარშრუტებზე გაზრდილმა ტარიფებმა განაპირობა.
პიკური სეზონის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები უახლოეს კვირებში ტარიფების კიდევ უფრო მატებას ელოდებიან.
Drewry მიუთითებს, რომ შანხაი-ნიუ-იორკის მარშრუტზე ფასმა 11%-ით მოიმატა ($7,902), ხოლო შანხაი-ლოს-ანჯელესის მიმართულებით — 10%-ით ($6,349). დატვირთული გრაფიკისა და სიმძლავრეების სიმცირის გამო, მომავალი კვირისთვის უკვე გაუქმდა 8 რეისი. გადამზიდი კომპანიები, პიკური სეზონის დამატებით გადასახადს (PSS) აწესებენ. მაგალითად HMM -მა ივლისიდან დამატებით 3000 დოლარიანი ტარიფი აამოქმედა.
ძლიერი მოთხოვნის ფონზე, გადამზიდავებმა აზია-ევროპის ხაზზეც გაზარდეს ტარიფი. შანხაიდან გენუამდე ტრანსპორტირება 10%-ით გაძვირდა ($6,360), ხოლო შანხაიდან როტერდამამდე — 7%-ით ($4,682).
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ირანის შუალედური შეთანხმების შედეგად ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა, რეგიონში უსაფრთხოების რისკები კვლავ მაღალია.
"ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა და ადრეული პიკური სეზონი მიმწოდებლებს აიძულებს, მომავალშიც მაღალ ხარჯებსა და ბაზრის არაპროგნოზირებად გარემოს შეეგუონ", - მიიჩნევენ ანალიტიკოსები.

























