რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით სამხედრო ხარჯები რეკორდულად იზრდება. გასულ 2022 წელს სახელმწიფოებმა თავდაცვაზე ჯამში 2 ტრილიონ 240 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა ევროპის რეგიონში ფიქსირდება, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოებმა სამხედრო ხარჯები თითქმის 20-30%-ით გაზარდეს. საერთო ჯამში, ევროკავშირის მასშტაბით თავდაცვის ბიუჯეტი წლიურად 13%-ითაა გაზრდილი.
ფინეთის სამხედრო ბიუჯეტი ერთ წელიწადში 36%-ით გაიზარდა; ლიტვამ თავდაცვითი ბიუჯეტი 27%-ით გაზარდა; აგრეთვე ხარჯების მკვეთრი მატება ფიქსირდება უკრაინის მეზობლად მყოფ სახელმწიფოებში.
გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილს, ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, რომელმაც თავდაცვაზე ერთ წელიწადში 728 მილიარდი დოლარი დახარჯა; მეორე ადგილზე $292-მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტით ჩინეთია; რეიტინგში მესამე ადგილს კი ინდოეთი იკავებს, რომელმაც თავდაცვაზე 2022 წელს 77 მილიარდი დოლარი გამოყო.