2025 წლის ბოლოსთვის, გლობალური სიმდიდრის განაწილება კვლავ მნიშვნელოვანი რეგიონული უთანასწორობით ხასიათდებოდა. UBS-ის "გლობალური სიმდიდრის ანგარიშის" თანახმად, რეგიონულ დონეზე, საშუალო ნომინალური სიმდიდრე ერთ ზრდასრულზე ლათინურ ამერიკაში დაახლოებით 43 000 დოლარიდან იწყება და ჩრდილოეთ ამერიკაში 664 000 დოლარს აჭარბებს.
მკვეთრი სხვაობა ნარჩუნდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ოკეანეთს (სადაც საშუალო სიმდიდრე ნახევარმილიონიან ნიშნულს აღემატება) და მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებს შორის.
წარმოგიდგენთ 10 ბაზარს, რომლებიც ერთ ზრდასრულზე საშუალო სიმდიდრის მოცულობით ლიდერობენ:
TOP 10 ბაზარი, ზრდასრული ადამიანების საშუალო და მედიანური სიმდიდრის ოდენობით:
| ქვეყანა | საშუალო სიმდიდრე - $ | ქვეყანა | მედიანური სიმდიდრე - $ | |
| 1 | შვეიცარია | 910,382 | ლუქსემბურგი | 394,005 |
| 2 | აშშ | 696,277 | ბელგია | 277,166 |
| 3 | ლუქსემბურგი | 654,732 | ავსტრალია | 210,783 |
| 4 | ჰონკონგი | 648,267 | ახალი ზელანდია | 206,617 |
| 5 | ავსტრალია | 616,306 | დანია | 203,771 |
| 6 | სინგაპური | 527,217 | ჰონგ-კონგი | 187,968 |
| 7 | დანია | 523,344 | კანადა | 147,811 |
| 8 | ახალი ზელანდია | 449,852 | შვეიცარია | 145,555 |
| 9 | ნორვეგია | 425,391 | ნორვეგია | 140,003 |
| 10 | ნიდერლანდები | 415,287 | იაპონია | 135,745 |
| 11 | ბელგია | 407,920 | იტალია | 131,001 |
| 12 | შვედეთი | 406,406 | ნიდერლანდები | 127,407 |
| 13 | კანადა | 399,886 | დიდი ბრიტანეთი | 125,335 |
| 14 | გერმანია | 346,613 | საფრანგეთი | 121,898 |
| 15 | საფრანგეთი | 341,359 | მალტა | 114,033 |
| 16 | ტაივანი | 332,533 | ტაივანი | 113,137 |
| 17 | ირლანდია | 314,167 | ესპანეთი | 111,575 |
| 18 | ისრაელი | 312,108 | სამხრეთ კორეა | 101,739 |
| 19 | სამხრეთ კორეა | 311,260 | ირლანდია | 98,413 |
| 20 | ესპანეთი | 306,412 | სინგაპური | 96,434 |
| 21 | დიდი ბრიტანეთი | 292,808 | კატარი | 95,499 |
| 22 | ავსტრია | 279,989 | ფინეთი | 89,695 |
| 23 | იტალია | 279,439 | შვედეთი | 84,039 |
| 24 | იაპონია | 211,846 | ისრაელი | 83,843 |
| 25 | ფინეთი | 209,135 | სლოვენია | 81,366 |
| 26 | პორტუგალია | 195,761 | პორტუგალია | 76,978 |
| 27 | ყატარი | 188,505 | ავსტრია | 71,378 |
| 28 | მალტა | 163,655 | აშშ | 68,998 |
| 29 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 157,612 | საბერძნეთი | 59,162 |
| 30 | საბერძნეთი | 143,343 | გერმანია | 53,485 |
ანგარიშის ძირითადი მიგნებები:
შვეიცარია ინარჩუნებს ლიდერობას
შვეიცარია, მნიშვნელოვანი უპირატესობით, პირველ ადგილს იკავებს - საშუალო სიმდიდრე ერთ ზრდასრულ ადამიანზე 910 382 დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება მეორე ადგილზე მყოფი ბაზრის მონაცემებს.
ჩრდილოეთ ამერიკისა და ოკეანეთის ზღვარი
შეერთებული შტატები და ავსტრალია ინდივიდუალური სიმდიდრის მაღალ დონეს აჩვენებენ. აშშ-ში საშუალო სიმდიდრე ერთ ზრდასრულზე 700 000 დოლარს უახლოვდება, ხოლო ავსტრალიამ 600 000-დოლარიან ზღვარს უკვე გადააჭარბა.
აზიის ფინანსური ჰაბების მაღალი მაჩვენებლები
ჰონგ-კონგი (მე-4 ადგილი) და სინგაპური (მე-6 ადგილი) აზიაში სიმდიდრის მთავარ ცენტრებს წარმოადგენენ. ჰონკონგში საშუალო მაჩვენებელი ერთ ზრდასრულზე 648 267 დოლარია, ხოლო სინგაპურში - 527 217 დოლარი. ორივე ქვეყანა უსწრებს ევროპის არაერთ განვითარებულ ეკონომიკას.
ევროპის პოზიციები ათეულში
ევროპული ქვეყნები საუკეთესო ათეულში ხუთ ადგილს იკავებენ. შვეიცარიასთან ერთად, რეიტინგში წამყვან პოზიციებზე არიან: ლუქსემბურგი, დანია, ნორვეგია და ნიდერლანდები. ეს ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში მყარ ეკონომიკურ ბაზასა და სიმდიდრის დაგროვებას ასახავს.
ისევე როგორც სიმდიდრის ზრდის რეიტინგების შემთხვევაში, დოლარში დათვლილი მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგი (ერთ ზრდასრულ მოსახლეზე) საგრძნობლად იცვლება იმის მიხედვით, საშუალო არითმეტიკულ სიმდიდრეს ვაანალიზებთ თუ მედიანურს (ან თუნდაც ერთ ზრდასრულზე მთლიან შიდა პროდუქტს - მშპ).
ხშირ შემთხვევაში ეს სამი სრულიად განსხვავებული საზომია და თუ მსყიდველობით უნარსაც გავითვალისწინებდით, რეიტინგები შეიცვლებოდა.
მხოლოდ პირველ რამდენიმე პოზიციას რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ერთ ზრდასრულზე საშუალო არითმეტიკული სიმდიდრის მიხედვით შვეიცარია ცხრილის სათავეშია, თუმცა მედიანური სიმდიდრის მიხედვით ის მერვე ადგილზე ინაცვლებს, ერთ ზრდასრულზე მშპ-ის მიხედვით კი ის მესამე ადგილს დაიკავებდა.
შეერთებული შტატები საშუალო სიმდიდრით მსოფლიოში მეორეა, თუმცა მედიანურით - 28-ე, ერთ ზრდასრულზე მშპ-ით კი მეექვსე. ლუქსემბურგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სამივე საზომის მიხედვით მუდმივად საუკეთესო სამეულში ხვდება.
ბელგია საშუალო სიმდიდრით მხოლოდ მე-11 ადგილზეა, მშპ-ით - მე-13, მაგრამ მედიანური მაჩვენებლით ის მეორე პოზიციას იკავებს. პარალელურად, იტალია საშუალო სიმდიდრით გერმანიას ჩამორჩება, თუმცა ერთ ზრდასრულზე მედიანური სიმდიდრით მას საგრძნობლად უსწრებს.




























