მიკრობანკ MBC-ში აცხადებენ, რომ საფინანსო სექტორისთვის ერთ-ერთი გამოწვევა გაძვირებული უცხოური დაფინანსებაა.
როგორც MBC-ის გენერალურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, გლობალურად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, მათ მოზიდული სახსრები გაუძვირდათ. თუმცა გია პეტრიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საერთაშორისო ბაზარზე განაკვეთების კლების ტენდენცია შეინიშნება.
მისივე თქმით, მიუხედავად გაძვირებული სახსრებისა, MBC-ის მომხმარებლებისთვის საპროცენტო განაკვეთები არ გაუზრდია.
“გლობალურმა ინფლაციურმა პროცესებმა მოზიდული სახსრების გაძვირება გამოიწვია, თუმცა პიკური წერტილი უკვე გავლილია და ბოლო პერიოდში საერთაშორისო მოზიდულ სახსრებზე საპროცენტო განაკვეთების კლება შეინიშნება. იმედი გვაქვს, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ დავუბრუნდებით ომამდელ განაკვეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპანიას რამდენიმე პუნქტით გაუძვირდა უცხოელი პარტნიორებისგან მოზიდული სახსრები, ჩვენ სესხები არ გაგვიძვირებია და ეს შოკი კომპანიამ მთლიანად თავის თავზე აიღო”, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.




























