„GM Pharma“ სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“, ფარგლებში სესხით სარგებლობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც კორპორაციამ პროგრამით ისარგებლა.
საქმე იმაშია, რომ ბოლო პერიოდში ქართული მედიასაშუალებების მიერ მომზადდა რამდენიმე სიუჟეტი, რომელშიც „GM Pharma“-ც იყო ნახსენები.
რადგანაც არსებობდა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ სახით, 2015 წელს „GM Pharma“-მ გადაწყვიტა წარმოება გაეფართოვებინა და ამ მიზნით დამატებითი ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციის საერთო ოდენობა 14 მილიონამდე დოლარი იყო. 10 მილიონამდე დოლარი „GM Pharma“-მა საკუთარი ინვესტიცია გააკეთა, ხოლო სესხად აღებული იქნა 3 768 000 დოლარი. სახელმწიფო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომპანიამ 3 768 000-დოლარიანი საბანკო სესხი მოიზიდა 9%-იანი საპროცენტო განაკვეთით. შეღავათიან პერიოდში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ მხოლოდ 472 605 USD შეადგინა. ეს ხელშეწყობა ჩვენთვის ფსიქოლოგიურ მოტივატორად იქცა, რათა აღნიშნული ინვესტირება საქართველოში გაკეთებულიყო და არა - საზღვარგარეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან ეს შეთავაზება, შესაძლებელია ეს ინვესტიცია საქართველოშის ნაცვლად საზღვარგარეთ განხორციელებულიყო.
„საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი პატარაა, რის გამოც ის შედარებით ნაკლებად მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ფარმაცევტული საქმიანობისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველია დიდი ქვეყნები“, - ამბობენ კორპორაციაში.
გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია, კორპორაციის საინვესტიციო გეგმებზე და მის განსახორციელებლად ხელისშემშლელ ფაქტორებზე.
„ინოვაციური კორპორაცია „GM Pharma“ კვლავ აპირებს 100 მილიონიანი დოლარის ინვესტიციის პროექტების განხორციელებას, თუმცა ცალკეული ბანკების მხრიდან ხელისუფლების შეწყობით გრძელდება კონკურენციის შეზღუდვა, არაპროფილური აქტივების ფლობის მეშვეობით. განიხილება ინვესტიციის სხვა ქვეყნებში განხორციელება, თუ არ მოხდება მყისიერად კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექმნა-აღდგენა. დადანაშაულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენმა კორპორაციამ მიიღო “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ხელშეწყობა და 10-ჯერ მეტი უკვე დაუბრუნა სახელმწიფოს, არის მცდელობა ჩვენი კორპორაციისა და მისი დამფუძნებლების იმიჯის შელახვისა. ესაა მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი და ამ კამპანიას ჰყავს თავისი დამკვეთები და შემსრულებლები. PSP ჯგუფის წევრ კომპანიებზე იერიშები საეჭვოდ ემთხვევა პერიოდებს, როდესაც ჯგუფის დამფუძნებელი აკრიტიკებს საბანკო სფეროს და პირდაპირ ადანაშაულებს მას ბიზნესის და მოსახლეობის გაკოტრებაში, რისი ერთ-ერთი შედეგიცაა ლარის დევალვაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

























