GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის - MINI-PACTOR-ის ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა GM PHARMA-ს პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა.MINI-PACTOR საშუალებას იძლევა, კომპანიამ შექმნას და აწარმოოს ტენისადმი და სითბოსადმი მგრძნობიარე მედიკამენტები, რომელთა წარმოება სველი გრანულაციით თითქმის შეუძლებელია; ასევე არსებობს ისეთი ფარმაცევტული სუბსტანციები, რომლებსაც დაბალი ლღობის ტემპერატურა აქვთ და მშრალი გრანულაციის აღნიშნული დანადგარი ასეთი სუბსტანციების შემცველი პრეპარატების წარმოებაშიც გამოიყენება. Ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ MINI-PACTOR-ი აუმჯობესებს ისეთი აქტიური სუბსტანციებისგან მიღებული შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის დენადობას, რომლებიც ორგანულად ხასიათდებიან ცუდი დენადობით ან ნაწილაკების დაბალი ზომით გამოირჩევიან და მშრალი გრანულატორის გამოყენების გარეშე, ასეთი სუბსტანციებისა და შუალედური ბალკის დატაბლეტება ან კაფსულირება თითქმის შეუძლებელია. ასევე აქტიურად მოხდება MINI-PACTOR-ის გამოყენება ისეთი პრეპარატების წარმოებაში, სადაც აქტიური ნივთიერების შემცველობა ტაბლეტის სრული მასის 20%-ზე ნაკლებია; ასეთ პრეპარატებში მშრალი გრანულაციის აპარატი დოზირებისა და მასის ერთგვაროვნებას უზრუნველყოფს.