2024 წლის 8 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, იტალიაში, ქალაქ მილანში საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა “CPHI Milan 2024” (Convention on Pharmaceutical Ingredients) გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება, წარმოადგენს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ინოვაციების, ასევე მონაცემთა და ტექნოლოგიების გაცვლის ყველაზე დიდ პლატფორმას. იგი მსოფლიოს მასშტაბით ფარმაცევტული პროდუქციისა და აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების მწარმოებლებს, ასევე სხვადასხვა სერვისის მომწოდებელსა და შემსყიდველ კომპანიებს აკავშირებს ერთმანეთთან და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარებაში. GM PHARMA ტრადიციულად მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან, რომელიც აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმზე საკუთარი სტენდით წარდგა.
CPHI უკვე სამ ათწლეულზე მეტია იმართება და წარმოადგენს ფარმაცევტული ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენას. 2024 წელს ამ ღონისძიებას 2400 ექსპონენტი (კომპანია საკუთარი სტენდით), 62 000 სტუმარი და 180-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი-სპიკერი ჰყავდა მსოფლიოს თითქმის 170 ქვეყნიდან. CPHI Milan-ის მსვლელობისას ასევე ჩატარდა საერთაშორისო სესიები, რომელებიც ეძღვნებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ფარმაცევტული სექტორის მდგრადი განვითარება, ინოვაციები წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვში, ბოლო თაობის ბიოტექნოლოგიური წარმოება, ახალი ევროპული რეგულაციები და სხვა.
GM PHARMA-სთვის, რომელიც ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, წარმოების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვასა და თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზეა ფოკუსირებული, მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა თანამედროვე ფარმაციის სიახლეების უფრო ახლოდან გაცნობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის სწრაფვას ინოვაციების, განვითარებისა და სრულყოფისკენ.
გამოფენის ფარგლებში GM PHARMA-ს გუნდმა არაერთი წარმატებული სამუშაო შეხვედრა გამართა ამჟამინდელ და პოტენციურ პარტნიორებთან – მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად განხილულ იქნა ახალი წამლების კვლევა-განვითარების (ე.წ. R&D development), ტექნოლოგიური ტრანსფერების, სალიცენზიო პროექტებისა (ე.წ. “In-licensing”) და კლინიკური კვლევის განხორციელების შესაძლებლობები. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ევროპის, აშშ-ისა და კანადის საკონტრაქტო განვითარებისა და წარმოების ორგანიზაციებთან (CDO/CDMO) და სამეცნიერო-კლინიკური კვლევის ორგანიზაციებთან (CRO) პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე.
GM PHARMA-ს მთავარ ფასეულობას პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს, რაც გულისხმობს კომპანიის პრეპარატებით მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას. კომპანიის მიზანია, მის მიერ განვითარებული მედიკამენტებით მოახდინოს ჯანდაცვისათვის აქტუალური სხვადასხვა პათოლოგიის პრევენცია, მკურნალობა და ფარმაცევტულ ბაზრებზე არსებული თერაპიული საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. ამ მიზნის მისაღწევად, GM PHARMA აგრძელებს ინვესტირებას R&D-ის მიმართულებით და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევს – ამჟამად კომპანიის კვლევა-განვითარების განყოფილებაში, რომელიც სრულად აღჭურვილია ლაბორატორიული მასშტაბის თანამედროვე საწარმოო და ანალიტიკური დანადგარებით, 15-ზე მეტ ახალ მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა. მიმდინარე პროექტებს 2025 წლიდან კიდევ დაემატება 30-ზე მეტი ახალი პროექტი.
ევროკავშირის, აშშ-სა და კანადის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით, GM PHARMA მიზნად ისახავს ახალი ჯენერიკული პროდუქტების, მათ შორის სამკურნალო პროდუქტების განსხვავებული დოზირებული ფორმების, ფიქსირებული დოზის კომბინაციებისა და პოლიპილების (ე.წ. სუპერჯენერიკები) განვითრებასა და საქართველოში წარმოებას, რაც სამედიცინო საზოგადოებასა და მოსახლეობას სხვადასხვა პათოლოგიის უფრო ეფექტური პრევენციისა და მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ GM PHARMA პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოდან, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი, სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.
ამჟამად, GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნები), რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.
GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!