საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ, 2024 წლის ივნისში, მონაწილეობა მიიღო სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ფორუმში – ACHEMA 2024.
მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში გაიმართა. წამყვან ინდუსტრიულ ფორუმზე 56 ქვეყნის 2840-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი საკუთარი სამრეწველო პროდუქციით; გამოფენაზე 141 სხვადასხვა ქვეყნის 106,001 მონაწილე დარეგისტრირდა, რაც ფორუმის მასშტაბურობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. წელს ყურადღება გამახვილდა ისეთ აქტუალურ გლობალურ თემებზე, როგორიცაა: ციფრული და „მწვანე“ ინოვაციები, ფარმაცევტული მრეწველობის, ლაბორატორიული აღჭურვილობის, წყალბადის სუფთა ტექნოლოგიების ინოვაციური მანქანა-დანადგარები და სხვა საკითხები. აღნიშნული თემები დიდწილად განსაზღვრავს ფარმაცეტული და ქიმიური ინდუსტრიის მომავალს და მწარმოებლებს უბიძგებს გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები, რომელიც ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას, ზრდის პროდუქციის ხარისხსა თუ უსაფრთხოებას.
ასეთი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა პარტნიორული ურთიერთობების მოძიებისა და გაღრმავების გარდა, თანამედროვე და ინოვაციური დანადგარების შესაძენადაც საუკეთესო პლატფორმაა. ამ თვალსაზრისითაც, ACHEMA 2024-ში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა GM PHARMA-სთვის – კომპანიის წარმომადგენლები ფარმაცევტული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების მრავალ ტექნოლოგიურ სიახლესა და მანქანა-დანადგარებს გაეცნენ და თბილისის საწარმოსთვის, მსოფლიოში ცნობილი იტალიური კომპანია „IMA“-გან, ორი ახალი მანქანა-დანადგარი შეიძინეს: საკაფსულე მანქანა „ADAPTA 100“ და კაფსულების „sealing“-ის (ე.წ. „დალუქვის“) დანადგარი „HERMETICA 100“. ორივე მათგანი ინოვაციური და უნიკალური მახასიათებლების მქონე მაღალტექნოლოგიური დანადგარებია, რომლებიც GM PHARMA-ს საწარმოო სიმძლავრეებს მნიშვნელოვნად გაზრდის და ასევე, მათი ფუნქციური მახასითებლებიდან გამომდინარე, ახალი სამკურნალოწამლო საშუალებების განვითარებისა და წარმოების საშუალებასაც მისცემს.
საკაფსულე დანადგარი „ADAPTA 100“ ერთადერთია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. მოწყობილობას შეუძლია სხვადასხვა ზომის კაფსულაში მოათავსოს როგორც მყარი და თხევადი სამკურნალწამლო ფორმები – ფხვნილი, გრანულა (ე.წ. პელეტები), მიკროტაბლეტი, მინიტაბლეტი, ტაბლეტი, წაგრძელებული ტაბლეტი, კაფსულა და სითხე, ასევე მათი კომბინაციაც. დანადგარი შეიძლება ერთდროულად სამი სხვადასხვა სადგურით აღიჭურვოს, რაც ზემოაღნიშნული სამკურნალწამლო ფორმების ნებისმიერი კომბინაციის ერთ კაფსულაში მოთავსების შესაძლებლობას იძლევა.
„ADAPTA 100“ სისწრაფითა (100 000 კაფს./სთ) და თითოეული კაფსულის მასის კონტროლითაც გამოირჩევა. დანადგარის მოქნილი კონფიგურაცია და კაფსულაში პროდუქტების ავტომატური ჩამტვირთველის არსებობა მინიმუმამდე ამცირებს მუშაობის პროცესში ოპერატორის ჩართულობის საჭიროებას, მტვრისა და უცხო ნაწილაკების წარმოქმნისა და შერევის შესაძლებლობას.
„HERMETICA 100“ დიდი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შექმნილი დანადგარია, რომელიც კაფსულების ჰერმეტიზაციას უზრუნველყოფს და შესაბამისად, სითხით შევსებული კაფსულიდან პროდუქტის გაჟონვის პრევენციისთვის გამოიყენება. დანადგარი აკრავს ჟელატინის რგოლს კაფსულის გარე ზედაპირზე და უზრუნველყოფს კაფსულის 100%-ით ჰერმეტულობას. დანადგარის ერგონომიული დიზაინი მაქსიმალურ ხილვადობასა და მასში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესის თითოეულ ეტაპზე საუკეთესო წვდომას უზრუნველყოფს. „HERMETICA 100“-ის მუშაობის სისწრაფე (100 000 კაფს./სთ) და სხვა პარამეტრები სრულ თანხვედრაშია „ADAPTA 100“-ის პარამეტრებთან, რაც ორივე მანქანა-დანადგარისთვის პროცესების სინერგიის შესაძლებლობას იძლევა.
იტალიური კომპანია „IMA“ 1961 წელს დაარსდა და მსოფლიო ლიდერია ფარმაცევტული, კოსმეტიკური, ჩაის, ყავის და საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და შეფუთვისთვის აუცილებელი ავტომატური მანქანა-დანადგარების შექმნასა და წარმოებაში. კომპანია ამჟამად 54 ქარხანას ფლობს იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ინდოეთში, მალაიზიაში, ჩინეთსა და არგენტინაში. კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
GM PHARMA ფოკუსირებულია ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უახლესი მანქანა-დანადაგრების გამოყენებაზე, საწარმოო პროცესების მუდმივ ოპტიმიზაცია-მოდერნიზაციაზე, ასევე თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე. კომპანიის პრეპარატების ჩამონათვალშია თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური მედიკამენტები, რომლებიც უკანასკნელი წლების თერაპიული სქემებითა და საერთაშორისო თუ ნაციონალური გაიდლაინებით არის მოწოდებული.
GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.
GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.