მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გმირების ღვინო“ - ეროვნული გმირების სახელობის სასაჩუქრე ნაკრების გაყიდვა "ბაზარი ორბელიანზე“ დაიწყება

გმირების ღვინო

ორ კვირაში „ბაზარი ორბელიანზე“ სოციალური პროექტი „გმირების ღვინის“ პირველი სტენდი გაიხსნება. ახალ სივრცეში საქართველოს ეროვნული გმირების სახელობის სასაჩუქრე ღვინის ყუთები იქნება წარმოდგენილი, რომელთა მიზანი ქართული ღვინის საშუალებით მათი ღვაწლისა და ისტორიის კიდევ ერთხელ გახსენებაა.

როგორც „გმირების ღვინის“ წარმომადგენელმა ნონიკო ტაბატაძემ BM.GE-სთან აღნიშნა, რომ პროექტი ამ ეტაპზე ექვს ეროვნულ გმირს აერთიანებს - გიორგი ანწუხელიძეს, ზაზა დამენიას, გენო ადამიას, გურამ გაბესკირიას, მიხა ხელაშვილსა და ზურაბ ჭავჭავაძეს. თითოეულ სასაჩუქრე ყუთში ორი ბოთლი ღვინო - საფერავი და ქისი შედის. პირველი პარტია კი 1 100 ყუთს მოიცავს.

მისი თქმით, პროექტის იდეა, რომელიც ვახტანგ ბააკაშვილს ეკუთვნის, ეროვნული გმირების შესახებ ცნობადობის გაზრდასა და მათი ღვაწლისთვის მადლიერების გამოხატვას უკავშირდება. ტაბატაძის განმარტებით, ამისთვის ქართული ღვინო შეარჩიეს - პროდუქტი, რომელიც ქვეყნის კულტურისა და იდენტობის ნაწილია.

"პროექტი ეძღვნება საქართველოს ეროვნულ გმირებს. გვსურდა, ის დეფიციტი, რომელიც საზოგადოებაში გარკვეულწილად არსებობს ჩვენი ეროვნული გმირების ცნობადობის კუთხით, რაღაც ფორმით შეგვევსო და მადლიერება გამოგვეხატა მათი ღვაწლის მიმართ", - განაცხადა ნონიკო ტაბატაძემ.

აღსანიშნავია, რომ „გმირების ღვინო“ თავად ღვინოს არ აწარმოებს - პროექტის გუნდი სხვადასხვა მეღვინეობისგან ღვინოს ყიდულობს და შემდეგ საკუთარი კონცეფციის შესაბამისად ქმნის სასაჩუქრე პროდუქტს.

როგორც ნონიკო ტაბატაძე ამბობს, ამ ეტაპზე „გმირების ღვინის“ საცალოდ შეძენა „8000 მოსავლის“ ქსელშია შესაძლებელი, სადაც ერთი ბოთლი საფერავის ფასი 50 ლარია. რაც შეეხება სასაჩუქრე ყუთს, მისი საბოლოო ღირებულება ჯერ განსაზღვრული არ არის და ფასი „ბაზარი ორბელიანზე“ სტენდის გახსნამდე ჩამოყალიბდება.

„ჩვენი კატეგორია არის სასაჩუქრე მიმართულება. არ გვინდოდა, პროდუქტი უბრალოდ თაროზე ყოფილიყო განთავსებული - გვინდოდა, რომ ამ ყველაფერს თავისი სივრცე ჰქონოდა. „ბაზარი ორბელიანი“ ჩვენთვის კონცეპტუალურად საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, რადგან იქ ქართული პროდუქციებია წარმოდგენილი“, - განმარტა მან.

სტენდის გახსნის შემდეგ „გმირების ღვინო“ მარკეტინგული აქტივობების გააქტიურებასაც გეგმავს. თუმცა, ამ დრომდე პროექტის შესახებ ინფორმაცია ძირითადად სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა.

პროექტის მთავარი მიზანი კომერციული მოგების მიღება არ არის. ნონიკო ტანატაძის განმარტებით, საქმიანობიდან მიღებული მოგება ეროვნული გმირების ოჯახებს გადაეცემა.

„ჩვენი ეკონომიკური მოდელი თავიდან ბოლომდე აგებულია იმაზე, რომ კომერციული საქმიანობიდან მიღებული მოგება სრულად გადაეცემა პროპორციულად ეროვნული გმირების ოჯახებს. კომპანია „გმირების ღვინო“ არანაირ მოგებას კომპანიისთვის არ ნახულობს - ეს თავიდან ბოლომდე სოციალური პროექტია“, - განაცხადა მან.

„გმირების ღვინის“ გუნდი პროექტის გაფართოებასაც გეგმავს. ექვსი ეროვნული გმირით დაწყებული ინიციატივის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს კომუნიკაცია სხვა გმირების ოჯახებთანაც. საბოლოო მიზანი კი თითოეული ეროვნული გმირისთვის საკუთარი სასაჩუქრე ყუთის შექმნაა.

"6 ეროვნული გმირით დავიწყეთ, თუმცა ეტაპობრივად თითქმის ყველა ეროვნული გმირის ოჯახთან ვახორციელებთ კომუნიკაციას. გვინდა, რომ საქართველოს თითოეული ეროვნული გმირი საკუთარი სასაჩუქრე ყუთით იყოს წარმოდგენილი", - აღნიშნა ტაბატაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები