მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გმირულად იმუშავა მთელმა გუნდმა“ - ირაკლი ჩიქოვანის შეფასებები Euro NASCAR-ზე Kolkhi GRT-ის შედეგებზე

სს

საერთაშორისო ავტოსპორტის არენაზე მოასპარეზე ქართველი მრბოლელებისთვის გასული უქმეები წარმატებული აღმოჩნდა.

Euro NASCAR-ზე მონაწილე პირველმა დამოუკიდებელმა ქართულმა გუნდმა, Kolkhi GRT-მა (Georgian Racing Team), რომელშიც დათა ქაჯაია და მარიამ დავითიძე ირიცხებიან, საფრანგეთში, „პოლ რიკარდის“ ლეგენდარულ ავტოდრომზე გამართულ ეტაპზე მაღალი შედეგები აჩვენა.

დათა ქაჯაიამ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა და თავის კლასში წამყვანი პოზიცია დაიკავა. მანამდე კი იმავე ტრასაზე ქართველმა პილოტმა, რომელიც უმაღლეს, PRO კლასში გამოდის, მეორე პოზიციაც დაისაკუთრა.

რაც შეეხება მარიამ დავითიძეს მან Euro NASCAR-ზე, საფრანგეთის ტრასაზე მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, ჯერ მესამე, შემდგომ კი მეორე პოზიციის დაკავება მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ Kolkhi GRT სულ მეორე ეტაპს ატარებს საერთაშორისო სარბოლო არენაზე, უკვე მოახერხა ყურადღების მიპყრობა როგორც შედეგებით, ისე ბრძოლისუნარიანობით. BMG ბიზნესმენ და Kolkhi GRT-ის დამფუძნებელ ირაკლი ჩიქოვანს ესაუბრა, რომლის შეფასებითაც, ეს შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ Kolkhi GRT სრულიად ახალი გუნდია და კონკურენციას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კოლექტივებს უწევს.

“Euro NASCAR-ზე არიან გუნდები, რომლებიც წლებია ამ ტრეკებზე გამოდიან, უზარმაზარი გამოცდილება და ბიუჯეტები აქვთ. ობიექტურად ბევრ კომპონენტში ჩვენზე წინ არიან, მაგრამ ამ ეტაპზე გმირულად იმუშავა მთელმა გუნდმა,“ - ამბობს ჩიქოვანი.

მისი თქმით, წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მანქანის სწორი მორგება იყო კონკრეტულ ტრასაზე. ავტოსპორტში თითოეული ტრეკი განსხვავებულ ტექნიკურ გადაწყვეტას მოითხოვს, მნიშვნელობა აქვს ტრასის კონფიგურაციას, ტემპერატურას, ასფალტის ტიპს და სხვა მრავალ ფაქტორს.

„სწორად მოვარგეთ მანქანა ამ კონკრეტულ ტრეკს. ტაქტიკურადაც სწორი მონახაზი გვქონდა და ამან შედეგი გამოიღო,“ — განმარტავს იგი.

განსაკუთრებული დატვირთვა მექანიკოსებს შეხვდათ. ჩიქოვანის თქმით, გუნდის ტექნიკურმა პერსონალმა ურთულეს პირობებში იმუშავა. მანქანა ორჯერ მოხვდა ავარიაში, რის შემდეგაც ფაქტობრივად ნახევარი ავტომობილის თავიდან აწყობა გახდა საჭირო.

“კოლოფი დაზიანდა, ორ საათში ჩამოხსნეს, გააკეთეს და ისევ დააყენეს. ამის მოყოლა მარტივია, მაგრამ როდესაც ცოცხლად ხედავ ამ პროცესს, ეს არის მუდმივი სტრესი, უდიდესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა,“ - ამბობს Kolkhi GRT-ის დამფუძნებელი.

გუნდი საკუთარ მომავალს რეალისტურად აფასებს. ჩიქოვანი ხაზს უსვამს, რომ ავტოსპორტში სწრაფი წარმატება თითქმის შეუძლებელია და გუნდს ჯერ გამოცდილების დაგროვება სჭირდება.

„პირველი წელი სწავლის წელია. ეს ისეთი სპორტი არ არის, სადაც ჩახვალ და ეგრევე საოცარ შედეგს დადებ. გამოცდილებას და ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს,“ - ამბობს იგი.

მისი შეფასებით, მინიმუმ ორი სრული სეზონია საჭირო იმისთვის, რომ გუნდმა საკმარისი ინფორმაცია და სტატისტიკა დააგროვოს, ხოლო მესამე წელს უკვე სტაბილურად შეებრძოლოს წამყვან გუნდებს.

„ყველგან ასეა ავტოსპორტში. გამოცდილებას ვერაფერი ჩაანაცვლებს. გუნდები, რომლებიც წლებია ამ ტრეკებზე დადიან, ტრასა ზეპირად იციან. ჩვენც იგივე გზა უნდა გავიაროთ. ვაგროვებთ ცოდნას, ვაანალიზებთ ყველაფერს და ეს მომავალში დიდ შედეგს მოგვცემს,“ - განმარტავს ჩიქოვანი.

განსაკუთრებული ყურადღება ტრეკების სპეციფიკასაც ეთმობა. ჩიქოვანი განმარტავს, რომ თითოეულ სარბოლო არენას სრულიად განსხვავებული ტექნიკური მიდგომა სჭირდება.

მაგალითად, საფრანგეთის ტრასა გრძელი სწორი მონაკვეთებით გამოირჩეოდა, სადაც მანქანები მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებდნენ და მუხრუჭები ბუნებრივად გრილდებოდა. ინგლისური ტრეკი კი ბევრად მოკლე და მოსახვევებით დატვირთულია, რაც მანქანის სრულიად განსხვავებულ გამართვას მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, Kolkhi GRT-ში დარწმუნებულები არიან, რომ სწორ გზაზე დგანან. ჩიქოვანის თქმით, გუნდს ჰყავს კონკურენტუნარიანი პილოტები, საკმარისი რესურსი და მთავარი - სწავლისა და განვითარების სურვილი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მზად ვართ ამისთვის. გვაქვს რესურსი, ცოდნა და პოტენციალი, რომ დაგროვილი გამოცდილება სწორად გამოვიყენოთ,“ - აცხადებს Kolkhi GRT-ის დამფუძნებელი.

ქართულ ავტოსპორტში მსგავსი მასშტაბისა და ამბიციის მქონე პროექტები იშვიათია, თუმცა Kolkhi GRT-ის პროგრესი აჩვენებს, რომ სწორი მიდგომითა და მოთმინებით საერთაშორისო დონეზე კონკურენციის გაწევა რეალურად შესაძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები