მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GNTA-ის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ბარსელონაში IBTM World 2025-ზე 9 წევრი კომპანიით მონაწილეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ბარსელონაში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს-ტურიზმის გამოფენაზე, IBTM World 2025-ზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 9 წევრი კომპანიით მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიებაზე, რომელიც მსოფლიოს 150 ქვეყნის 2 500-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს და 12 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პავილიონთან ერთად მონაწილეობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც.

უწყებაში გამოფენაში მონაწილეობას, საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად აფასებენ. მათი ინფორმაციით, ამ მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ, საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიებთან, ავიაკომპანიებთან და მსხვილი ღონისძიებების MICE-მენეჯერებთან შეხვედრები გამართა.

მისი თქმით, IBTM World აძლევს ქვეყანას საშუალებას, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს როგორც ბიზნეს-ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის ცნობადობა გაიზარდოს.

„ჩვენ შევხვდით მსხვილ კომპანიებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ბიზნეს-ღონისძიებებს. ეს გამოფენა ორიენტირებულია ბიზნეს-ტურიზმის განვითარებაზე. როგორც იცით, ვმართავთ კამპანიებს, რომლის ფარგლებში ვცდილობთ საქართველოში ბევრად მეტი ბიზნეს-მოგზაური ჩამოვიყვანოთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს პოზიციონირებას მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა მაია ომიაძემ.

მათ, ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების - ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენლებთან განიხილეს მსხვილი ღონისძიებების საქართველოში გამართვის შესაძლებლობები, პრეზენტაციებისა და როუდშოუების დაგეგმვა და MICE მიმართულების პოპულარიზაცია.

Visit Georgia-ს წარმომადგენელი ლექსო მამულაშვილი მონაწილეობას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აფასებს: „ბარსელონას საქმიანი ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ევროპაში. დაინტერესება საქართველოს მიმართ წინა წლებთან შედარებით აშკარად გაიზარდა, რაც უახლოეს მომავალში კონკრეტულ შედეგებშიც აისახება“.

საერთაშორისო კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე Vive Bespoke Event-ის დამფუძნებელიც საუბრობს. „საქართველო ხელსაყრელია ბიზნეს-ღონისძიებებისთვის და დიდი პოტენციალი აქვს გადაიქცეს საქმიანი ტურიზმის ცენტრად. ტურისტული ადგილები, გასტრონომია და გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოგზაურობას ამარტივებს როგორც ინდივიდებისთვის, ასევე 300–500 კაციან ჯგუფებისთვის“, - აღნიშნა ვიშეშ მანჰანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები