საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის გამჩაღებელი რუსეთია და ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი.
ჯავახიშვილი პოსტით მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
ამის შესახებ ივანიშვილმა 14 სექტემბერს გორში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეობის გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი. ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და ფოჩიანი კანფეტების სჯერა, ბოდიში მას აქვს მოსახდელი. ხერხი ნამდვილად სჯობია ღონესა, მაგრამ ბოდიშის მოხდა ის ხერხი არაა. მით უფრო ამ კონტექსტში", - წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელი.
გოჩა ჯავახიშვილმა თანამდებობა "რუსული კანონის" ინიცირების გამო ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვა.