პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულმა ხარჯებმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრ რომან გოცირიძის კრიტიკა დაიმსახურა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ 2019 წელს რეალურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენახვის ხარჯები მაინც არ მცირდება.
„ჩვენ დღეს უკვე მივიღეთ პრეზიდენტის ორი სასახლე - ერთი არის ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეინახოს და მეორეა ავლაბრის სასახლე, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით, ასევე სახელმწიფო დაწესებულებად დარჩება. გვქონდა ერთი სასახლე, გახდა - ორი და როგორ კლებულობს ხარჯები? სად გაქვთ გადამალული ავლაბრის სასახლის შენახვის ხარჯები და იმ უწყების ხარჯები, სადაც ადრე თუ გვიან დაჯდება პრეზიდენტი. წესით, ათონელის სასახლე უნდა გაყიდულიყო. ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ ათონელის სასახლე რომელიმე საელჩოს ეყიდა, სიამოვნებით იყიდიდნენ, მშვენიერი ადგილია, ან რომელიმე ბიზნეს ორგანიზაციას ეყიდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
მართალია, კონკეტულად ამ კითხვას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ არ უპასუხა, თუმცა მან თავის მოხსენებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტისა და სარეზერვო ფონდის გაუქმების შესახებ განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, ამ თემებზე არჩეულ პრეზიდენტთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციები გაიმართება.
როგორც კაკაურიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ამ საკითხებზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.
„ჯერჯერობით, არაა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული; ამ ეტაპზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა არაა გათვალისწინებული, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 6 მლნ ლარი. რა თქმა უნდა, ამაზე გრძელდება კონსულტაციები და საბოლოო ვარიანტში ასახული იქნება ის თანხა, რაც ამ კონსულტაციების შედეგად ახალ პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან იქნება შეთანხმებული“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ცნობისთვის: მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა არაა გათვალისწინებული; პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება კი, 9 800 000 ლარიდან 6 000 000 ლარამდე მცირდება.