მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გოცირიძე გვენეტაძეს: თქვენთვის რა არის მთავარი, ლარის სტაბილურობა, თუ რეზერვების შევსება

5cfe3b9c0185d
ლიკა გურაბანიძე
10.06.19 15:13
1069
"თქვენთვის რა არის მთავარი, ლარისა და ფასების სტაბილურობა, თუ რეზერვების შევსება? თქვენთვის პრიორიტეტი რომელია?", - ამ კითხვით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ სებ-ის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მიმართა.

"რეზერვების აკუმულირებას თავისი პერიოდი აქვს. თქვენ შესაძლოა, რაღაც განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებელი გქონდეთ, რა რაოდენობითაც გინდათ რეზერვების მიღწევა, მაგრამ რატომ ასე ნაჩქარევად? ხომ შესაძლებელია სხვა პერიოდში მოხდეს და წლის განმავლობაში უფრო მშვიდად მიხვიდეთ თქვენ გეგმამდე.

ყველა შემთხვევაში, როდესაც ლარი გამყარებას იწყებდა, თქვენ მას აჩერებდით ინტერვენციების გზით და ამას რეზერვების აკუმულირებით ამართლებდით, მაგრამ რეალობაში შედეგის მიხედვით, ეს ფაქტობრივად თავისუფალ მცურავ კურსზე უარის თქმა და მართვად კურსზე გადართვა გამოდის", - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ სებ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, რატომ აქვს მას ლარის კურსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი.

"შეუძლებელია კურსი თავისუფლად მცურავი იყოს, თუკი ამბობთ, რომ ჩვენ ვერ ჩავერევით და რეზერვების ინტერვენციას ვერ მოვახდენთ, რადგან ლარი საბაზრო მოძრაობაში უნდა იყოს, ხოლო როდესაც ლარი რეალურად გამყარებას იწყებს მაშინ ერევით, რატომ ორმაგი სტანდარტი?

რეზერვების შესავსებად 30 მლნ დოლარი იყიდეთ, რეზერვები ფაქტობრივად ნორმაშია. თქვენ რეზერვებს ორი მიმართულებით ზრდით – ერთი ინტერვენციებით და მეორე, უცხოური ვალუტით მოზიდული ნორმატივით.

რატომ ამ რეზერვებზე ჩაციკვლა? როდესაც ყველას აშფოთებს ლარის მკვეთრი რყევები და არავის სტაბილურობის განცდა არ აქვს. 6-7 წელია არავინ იცის ხვალ და ზეგ ლარს რა მოუვა", - განმარტა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები