აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად კურორტ „გოდერძიზე“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ამ ეტაპზე „გოდერძიზე“ 15 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს. კურორტზე სულ 129 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება, რის შედეგადაც კურორტს 1000-ზე მეტი განთავსების ადგილი შეემატება და დაახლოებით 1400 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გოდერძის უღელტეხილზე მყოფ ტურისტებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.
დღეს თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის - მწვანე ტბის მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა, ასევე ბეშუმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვევა.

























