“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” (GOGC) საქართველოში მოპოვებული გაზის ნაწილს ყიდის. კორპორაციამ აუქციონზე 5 მლნ კუბ.მეტრი გაზი გამოიტანა.
ვაჭრობისას, რომელიც 10 ივნისს უნდა გაიმართოს, ბუნებრივი გაზის საწყისი ფასი 1000 მ3 -ზე 627.16 ლარია (დღგ-ს გარეშე). სააუქციონო ვაჭრობა კი, იწყება საწყისი ფასით და გრძელდება „საწყისი ფასის“ 5.45 ლარის ბიჯით გაზრდის პრინციპით.
აუქციონის პირობით, 5 მლნ კუბ.მეტრი გასაყიდი გაზის სავარაუდო მოცულობაა. გაზის მყიდველისათვის მიწოდება დამოკიდებული იქნება საბადოდან მოპოვების დინამიკასა და ფაქტობრივ მაჩვენებლებზე. ბუნებრივი გაზის მიწოდება განხორციელდება „ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების“ გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში ან მყიდველისათვის 5 000 000 მ3 მიწოდებამდე, რომელი მოვლენაც უფრო ადრე დადგება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოში გაზის მოპოვება გაზრდილი იყო. ქვეყანაში 16.6 მლნ კუბ.მეტრი გაზის მოპოვება მოხდა, 2022 წელს არსებული 14 მლნ-ის შემდეგ. 2023 წელს მოპოვებული გაზიდან 11.5 მლნ კუბ. მეტრი ინვესტორის წილი იყო, 5.1 მლნ-ი კი, სახელმწიფოს გადაეცა.