საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) რიონის ქარის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის 864 ათასი ევროს (1 მილიონი დოლარის) ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ენერგეტიკის გერმანულ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია Fichtner GmbH & Co-თან.
კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ისინი ძირითადად დაკავებული არიან ქარის და სხვა განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების დაპროექტებით და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტების მომზადებით.
გაფორმებულ კონტრაქტში არაა მითითებული თუ რა სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის განვითარება აქვს კორპორაციას დაგეგმილი. გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში გერმანელმა კონსულტანტებმა სატესტო ანძის დადგმით უნდა შეისწავლონ არეალში არსებული ქარის ნაკადები და GOGC-ის უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საკვლევ არეალში ქარის სიმძლავრის და ელექტროსადგურის კომერციული პარამეტრების შესახებ. ხელშეკრულება KFW-ის კრედიტით ფინანსდება და ის 2027 წლის სექტემბრამდე იქნება მოქმედი.
ამასთან, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ქარის ენერგეტიკული პროექტები მაღალი ტემპებით ვითარდება. კასპის რაიონში უკვე საცდელ ოპერირებაშია კერძო ინვესტორის - კომპანია "ზემო ვინდის" მიერ აშენებული 19-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური. ამასთან, მშენებლობის პროცესშია ასევე კერძო ინვესტორის - "ვინდ ფაუერის" (ფერი) 206-მეგავატიანი რუისის ქარის ელექტროსადგური. ასევე განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა კიდევ რამდენიმე ასეული მეგავატის ჯამური სიმძლავრის 10-მდე ქარის ელექტროსადგურის პროექტი.




























