„ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე საკონსერვო ან მინის ბოთლის მწარმოებელი ქარხანა აშენდება.
როგორც bm.ge-ის ბიზნესმენმა და წარსულში ლუდის და ლიმონათის მწარმოებელი კომპანია „ყაზბეგის“ მფლობელმა გოგი თოფაძემ განუცხადა, ამჟამად უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.
თოფაძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს იქნება მიღებული.
„არცერთ მიმართულებას არ გამოვრიცხავ. ბაზარზე რისი მოთხოვნაც იქნება, სწორედ იმ პროდუქციის წარმოებას დავიწყებთ“, - განაცხადა თოფაძემ.
მისივე თქმით, „საკონსერვო ქარხნის პერსპექტივა მეტად მომხიბვლელია“.
„მოვიფიქრებთ, შევხედავთ მომგებიანობას, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკბები გვაქვს და საბოლოოდ შევარჩევთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გერმანელ და იტალიელ წარმომადგენლებთან გვაქვს,“ - აღნიშნა გოგი თოფაძემ.
„ყაზბეგის“ ყოფილი ქარხნის ტერიტორია ჯამში 4,5 ჰექტარს მოიცავს.
შეგახსნებეთ, "საქართველოს კაპიტალის" ჯგუფში შემავალმა კომპანიამ "გლობალ ბიერ ჯორჯიამ" ლუდსახარში "ყაზბეგის" ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები შეიძინა. ამ ნიშნის ქვეშ ლუდი 1881 წლიდან იწარმოება. გარიგების თანხამ 3.65 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ორ კომპანიას შორის გარიგების საგანს მხოლოდ სავაჭრო ნიშანი წარმოადგენდა და ლუდის ქარხანა, ტერიტორიასთან ერთად, მის ძველ მფლობელს დარჩება.

























