მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რატომაა მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ცესკოს და საქსტატის მონაცემები განსხვავებული

თოდრაძე

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით ცესკოს და საქსტატის მონაცემები განსხვავებულია.

როგორც მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განმარტა, ამ ორ უწყებას აქვს განსხვავებული მიზნები და აქედან გამომდინარე, განსხვავებული მეთოდოლოგია გამოიყენება, რის გამოც კონკრეტულ სოფელში, ქალაქში თუ ადმინისტრაციულ ერთეულში, ხმის უფლების მქონე ადამიანების რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ან ჩამორჩებოდეს საქსტატის მონაცემებს.

როგორც თოდრაძე აღნიშნავს, ცესკოს მონაცემებში შედის არა მხოლოდ მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა, არამედ რეგისტრირებული მოსახლეობა, რომლებიც, შესაძლოა, ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ. საქსტატი კი ითვლის მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას, ანუ კონკრეტულ ლოკაციაზე 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში მცხოვრებ ადამიანებს.

„ცესკოს და საქსტატის მონაცემებს შორის განსხვავება განპირობებულია განსხვავებული მიზნებით და განსხვავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვადასხვა წყაროების საფუძველზე ადგენს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის სიას, რომელშიც შედის კონკრეტულ ტერიტორიაზე როგორც მუდმივი მოსახლეობა, ისე მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ, იმყოფება ემიგრაციაში ან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ რეგისტრირებულია მოცემულ ქვეყანაში, ან კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში.

რაც შეეხება საქსტატის მეთოდოლოგიას, რომელიც საერთაშორისოდაა აპრობირებული და გაეროს რეკომენდაციების შესაბამისია, ჩვენ ვაწარმოებთ მუდმივი მოსახლეობის სტატისტიკას, რაშიც იგულისხმება ის პირები, რომლებიც მოცემულ ლოკაციაზე ცხოვრობენ 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში. ანუ აქ შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ხაზგასასმელია ის, რომ აქ არ შედიან ადამიანები, რომლებიც 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ან იმყოფებიან საზღვარგარეთ, ემიგრაციაში.

ანუ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე უწყებას დაანგარიშების თვალსაზრისით აქვს რაიმე სახის ხარვეზი. ამ ორ უწყებას აქვს განსხვავებული მიზნები და აქედან გამომდინარე განსხვავებული მეთოდოლოგია გამოიყენება. სწორედ ამის გამო, დაახლოებით საქართველოს მუდმივი მოსახლეობა თუ არის 3 695 000, 18 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა გახლავთ დაახლოებით 2 852 000 მაშინ, როდესაც ცესკოს მონაცემების მიხედვით, ხმის უფლების მქონე მოსახლეობის სიითი შემადგენლობა, რამდენადაც მახსოვს, განსაზღვრული იყო 3 500 000-ით“,- განმარტა გოგიტა თოდრაძემ.

შეგახსენებთ, საკითხზე ცესკომაც გააკეთა განცხადება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უარყვეს, რომ არჩევნებში იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვიდრე სიაშია.

"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებისა და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ხდება ინფორმაციით მანიპულაცია და ვითარების ისე წარმოჩენა თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. დაინტერესებული მხარეების მიერ გამოქვეყნებული რიცხვები არ ემთხვევა რეალურად ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებს",- განაცხადეს ცესკოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები