მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოგოლის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში ბინების გადაცემა სოციალური მიზნებისთვის იგეგმება

ნინო ნიჟარაძე

გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსებში ბინების გადაცემა სოციალური მიზნებისთვის იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამინისტროსა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, გოგოლის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსები სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და მთავრობის გადაწყვეტილებით სოციალური დანიშნულებით იქნება გამოყენებული. მისი თქმით, ბინების გადაცემა განხორციელდება სპეციალური კომისიის მიერ განცხადებების ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე.

ნინო ნიჟარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, განცხადებით მიმართონ ბათუმის მერიას, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია თითოეული ოჯახის მდგომარეობას დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეისწავლის.

„სპეციალური კომისიის მიერ თითოეული განცხადება ინდივიდუალურად იქნება განხილული და ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს – იქნება ეს უსახლკარო მოქალაქე, დაბალი სოციალური ქულის მქონე ოჯახი, შშმ პირი, ეკომიგრანტი და სხვა სოციალური კატეგორიები – აუცილებლად მიიღებს ბინას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შენობა ამ ეტაპზე არ აკმაყოფილებს საცხოვრებელ პირობებს და საჭიროებს დამატებით სამუშაოებს, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, ბიზსნესმენ გალიფ ოზთურქს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. 24 იანვარს, კორპუსებში ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შევიდნენ დაცვის პოლიციასთან ერთად. პოლიცია კორპუსების დატოვებას სთხოვს რამდენიმე ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს.

კორპუსების ჩამორთმევის შემდეგ, შენობებთან, მოქალაქეები რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, ისინი უსახლკარო პირები არიან და თავშესაფარს ითხოვენ.

აქციის მონაწილეები, ამბობენ, რომ აღნიშნული შენობები, ბიზნესმენს სახელმწიფოს მხრიდან ჩამოერთვა, შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ, რომ აღნიშნულ კორპუსებში მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართები გადაეცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები