ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობა” რომ მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზია, ამას კიდევ ერთი შშმ პირის წარმატების ისტორია ადასტურებს. პაატა კაპანაძე შშმ პირია - სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მაგრამ უკვე 14 წელია დასუფთავების სფეროში მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დააგროვა. 2018 წლის მაისში, კი საკუთარი კომპანიის – „Golden Cleaning“-ის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც უკვე რვა თვეა მუშაობს და კომპანიაში შშმ პირები ჰყავს დასაქმებული.
რამდენად რთულია, საქართველოში აკეთო ბიზნესი, რა გამოწვევების გადალახვა უწევს Golden Cleaning-ს და როგორია კომპანიის გეგმები, BM.Ge-მ პაატა კაპანაძესთან ჩაწერა ინტერვიუ.
- როდის და საიდან გაგიჩნდათ Golden Cleaning-ის შექმნის იდეა?
- 14 წლის ვიყავი, როცა ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობა დავიწყე, სადაც 10 წელი ვიმუშავე, ხოლო მეორე კომპანიაში – 4. ჩემთან ერთად ძალიან ბევრი შშმ პირი მუშაობდა და უფროსებთან თუ დამკვეთებთან კომუნიკაცია გვიჭირდა. ჩემმა მეგობრებმა, შშმ პირებმა ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, მომაწოდეს კომპანიის შექმნის იდეა და მეც „ავიტაცე“. უკვე 2018 წლის მაისში ჩამოვაყალიბე კომპანია - „გოლდენ ქლინინგი“ და შევუდექი საქმიანობას. მომხმარებლის ტიპი განსაზღვრული არ გვაქვს, უბრალოდ, ვიცით, რომ ნებისმიერ კომპანიასა თუ კერძო პირს შეუძლია ჩვენი სერვისის მიღება. ჩვენი ძირითადი სერვისებია: ხალიჩების დასუფთავება, ლაქების ამოყვანა, სახლებისა და ოფისების გენერალური დასუფთავება, მშრალი დასუფთავება, სამშენებლო და არა მხოლოდ ნარჩენების გატანა, ფანჯრების და დიდი ვიტრაჟების წმენდა, მოკლედ ვწმენდთ ყველაფერს, რაც ჭუჭყიანია.
- რამდენად მარტივია ბიზნესის დაწყება საქართველოში? რა ინვესტიციის განხორციელება დაგჭირდათ ამ ბიზნესის დასაწყებად?
- ბიზნესის დაწყება არც თუ ისე მარტივი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საწყისი თანხა არაა იმ ოდენობის, რამდენიც ბიზნესის წამოწყებას სჭირდება. არსებობს კომპანია Softberry, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ჩემი მეგობარი ბექა ჯანჯალაშვილი; აქვე მინდა აღვნიშნო დიდი მადლიერება ამ კომპანიის მიმართ. მათ სრულიად უსასყიდლოდ გამიკეთეს საიტი, მისი დიზაინი, შექმნეს სოციალურ ქსელში ჩვენი კომპანიის გვერდი და ამ ყველაფრის ადმინისტრირება თავიანთ თავზე აიღეს. ისინი გვეხმარებიან მარკეტინგის მიმართულებითაც. მოგეხსენებათ, ჩემთვის ახალ, პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სირთულეს წარმოადგენს, თუმცა ეს ბარიერები მათი დამსახურებით, ფაქტობრივად, გადალახულია. რაც შეეხება საჭირო დანადგარებსა და ტექნიკას, სრულად ჩემი და ჩემი ძმის, თენგო კაპანაძის სახსრებითაა შეძენილი.
- რამდენი ხანია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებთ და რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?
- Golden Cleaning-ი 2018 წლის მაისში დავაფუძნეთ. დაარსების დღიდან შევუდექით საქმიანობას. კომპანიაში უკვე 22 ადამიანია დასაქმებული, 22-ვე შშმ პირია, თუმცა ეს მაღალხარისხიან მუშაობაში ხელს არ გვიშლის. მთელი გუნდი საქმეში მყავს გამოცდილი. ხარისხი და გამოცდილება ჩვენი სავიზიტო ბარათია. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვცდილობთ ყოველდღიურად განვვითარდეთ, როგორც საქმის კუთხით, ასევე პირადი განვითარების კუთხით.
- ვინ იყო Golden Cleaning-ის პირველი დამკვეთი და როგორი იყო ის შეგრძნებები რომელიც გაგიჩნდათ მაშინ, როცა პირველი კლიენტი გენდოთ და მომსახურება შეგიკვეთათ?
- ნდობის მოპოვება ცოტა რთული აღმოჩნდა, რადგან Golden Cleaning ახალი კომპანია იყო ბაზარზე და არ იცოდნენ ჩვენი რეალური შესაძლებლობები. „მაი ოფისი“ იყო ის პირველი კომპანია, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენ მისი სამსართულიანი კორპუსის ვიტრაჟები გავწმნიდეთ. ის გრძნობა, რაც მაშინ გაგვიჩნდა, აუღწერელია. სიამაყის, გამარჯვებისა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების გრძნობები ერთმანეთს ცვლიდა. მერწმუნეთ ადამიანის შესაძლებლობები ნამდვილად შეუზღუდავია.
- რას ურჩევდით დამწყებ ბიზნესმენებს ან მათ, ვისაც ბიზნესის დაწყება სურს?
ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ, შრომის შედეგად ყველაფერი მიღწევადია! აუცილებლად ყველა აქტიურად უნდა იყოს საკუთარ საქმეში ჩართული, რადგან ეს საშუალებას გაძლევს არსებული პრობლემების მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრაში.
- როგორია Golden Cleaning-ის სამომავლო გეგმები?
- ჩვენი გეგმა და მიზანი მხოლოდ ერთია, განვავითაროთ ეს საქმე, რომ რაც შეიძლება მეტი შშმ პირის დასაქმება შევძლო. ჩვენი კომპანია აუცილებლად უნდა გახდეს პირველი ქართულ ბაზარზე.

























