ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, Goldman Sachs-მა ნავთობის მოსალოდნელი ღირებულების პროგნოზი შეცვალა. საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსების ვარაუდით, მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $90-ს მიაღწევს, მაშინ როცა წინა პროგნოზი $80-ს შეადგენდა. რაც შეეხება ამერიკულ ნავთობს (WTI), მისი ღირებულება ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, $75-ის ნაცვლად, საშუალოდ $83 იქნება.
ფასების ზრდის მთავარ მიზეზად სპარსეთის ყურეში ნავთობის მოპოვების შემცირება სახელდება. Goldman Sachs-ის ინფორმაციით, რეგიონში ექსპორტის ნორმალიზება ივნისის ბოლომდე არ იგეგმება, რაც ბაზარზე ნედლეულის დეფიციტს ქმნის. არსებული მონაცემებით, სპარსეთის ყურეში დღიური მოპოვება 14.5 მილიონი ბარელით შემცირდა, რამაც მიმდინარე თვეში გლობალური მარაგების რეკორდული კლება გამოიწვია.
ბანკის ექსპერტები სამ სამომავლო სცენარს განიხილავენ, სადაც ნავთობის ფასი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ნეგატიური სცენარის შემთხვევაში, თუ ექსპორტის აღდგენა ივლისის ბოლომდე დაგვიანდება, Brent-ის ფასი $100-ს გადააჭარბებს. უკიდურესად კრიტიკულ ვითარებაში კი, თუ ჰორმუზის სრუტის გამტარუნარიანობა 70%-ზე დაბლა შენარჩუნდება, ნავთობის ღირებულებამ შესაძლოა $120-ს მიაღწიოს. შედარებით ოპტიმისტური პროგნოზით, ფასი $80-ის ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში შენარჩუნდება, თუ აშშ და OPEC-ის წევრი ქვეყნები ბაზარზე მიწოდებას გაზრდიან.




























