მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გომბორის ეროვნულ პარკსა და სიღნაღის აღკვეთილში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაშვებული ხდება - დეტალები

გომბორი

მთავრობამ ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი დაამტკიცა, რომლითაც დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობები განისაზღვრა.

ახალი რეგულაციის თანახმად, ცივ-გომბორის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოიყოფა ორი ზონა: ბუნების მკაცრი დაცვის ზონა და ტრადიციული გამოყენების ზონა.

ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი 826 ჰექტარია, ხოლო ტრადიციული გამოყენების ზონის 20 935 ჰექტარი.

მკაცრი დაცვის ზონაში საქმიანობა, ძირითადად, აკრძალულია. გამონაკლისია არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევები, მონიტორინგი, ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა და დაცვის ღონისძიებები.

რაც შეეხება ტრადიციული გამოყენების ზონას, აქ დაშვებულია ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა. კერძოდ, შესაძლებელი იქნება:

  • საპიკნიკე ფანჩატურების;
  • კოტეჯებისა და ტურისტული თავშესაფრების;
  • ვიზიტორთა ცენტრების;
  • კაფეტერიების;
  • საკონფერენციო სივრცეების;
  • გამაჯანსაღებელი კომპლექსების;
  • საჯინიბოებისა და სველი წერტილების მოწყობა.

ასევე, დაშვებული იქნება დამხმარე ნაგებობების მშენებლობა, მათ შორის სამზარეულოების, ტექნიკური ნაგებობების, სამედიცინო პუნქტების, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისთვის განკუთვნილი შენობების მოწყობა.

დადგენილებით განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის მინიმალური პარამეტრებიც. მაგალითად, კაფეტერიის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 15 მეტრი, სიგანე კი 6 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3.5 მეტრი. კოტეჯის ან ტურისტული თავშესაფრის მინიმალური ზომებია 4 მეტრი სიგრძე, 3 მეტრი სიგანე და 3 მეტრი სიმაღლე.

ამასთან, აღნიშნული ინფრასტრუქტურის სიმაღლე 10 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

ტრადიციული გამოყენების ზონაში ასევე დაშვებულია ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების, ტყისა და ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენის ღონისძიებები, სამეცნიერო კვლევები, საგანმანათლებლო საქმიანობა, ტურისტების გადაადგილება, ბილიკებისა და გზების მოწყობა.

რეგულაცია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობასაც. კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელი იქნება არამერქნული რესურსების, ხილ-კენკრისა და სოკოს შეგროვება, ძოვება, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა და საშეშე მერქნით სარგებლობა. ერთი კომლისთვის გამოყოფილი ტყეკაფიდან გაიცემა არაუმეტეს 7 კუბური მეტრი საშეშე მერქანი.

ცალკე განისაზღვრა სიღნაღის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობებიც. აქ შესაძლებელი იქნება სამეცნიერო კვლევებისა და მონიტორინგის, საგანმანათლებლო, აღდგენითი და დაცვის ღონისძიებების განხორციელება, ასევე ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სიღნაღის აღკვეთილშიც დაშვებულია ფანჩატურების, კოტეჯების, ტურისტული თავშესაფრების, ვიზიტორთა ცენტრების, კაფეტერიების, საკონფერენციო სივრცეების, გამაჯანსაღებელი კომპლექსების, საჯინიბოებისა და დამხმარე ნაგებობების მოწყობა. ამ ინფრასტრუქტურის სიმაღლეც 10 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

ადგილობრივ მოსახლეობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეეძლება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, მათ შორის ერთ კომლზე არაუმეტეს 5 კუბური მეტრი საშეშე მერქნის მიღება. ასევე დაშვებულია ძოვება, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

დროებითი რეგულირების წესი იმოქმედებს ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე.

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები