მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გომის მთამდე მისასვლელი სავალი გზის სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება - ოზურგეთის მერი

გომისმთა გზა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომისმთამდე მისასვლელი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

BM.GE მეტი დეტალის გასაგებად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს დაუკავშირდა. როგორც ოზურგეთის მერმა განაცხადა, გომის მთამდე მისასვლელი სავალი გზის სამუშაოები, მათი გათვლებით შემოდგომისთვის დასრულებული უნდა იყოს.

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის, გომის მთამდე მისასვლელი სავალი გზის 21 კილომეტრიანი მონაკვეთიდან, 5 კილომეტრი უკვე დაგებულია, ხოლო 2 კილომეტრზე მისი გაწმენდა მოხდა და ახლა უკვე დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.

"კურორტზე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ზედა ნაწილში მხოლოდ თვე-ნახევარი გრძელდება. გასულ წელს, აგვისტოში მუშაობა ჭიანურდებოდა, რადგან ამ პერიოდში კურორტზე ხალხმრავლობა იყო, გადაადგილების კუთხით. ამასთან, კურორტზე მისასვლელ გზაზე მეწყერის საშიშროების თავიდან ასარიდებლად, რეაბილიტაციის პროცესში ფერდსამაგრები მონტაჟდებოდა.

ივნისამდე თოვლის დნობა არ იყო შესაბამისად დაწყებული და სამუშაოების დაწყებაც ივნისამდე ვერ მოხერხდა. წელს კი, თებერვალში საკმაოდ კარგი ამინდები დაგვემთხვა. შარშან, თავიდან ბოლომდე სრულად გრუნტი მომზადდა. 5 კილომეტრი უკვე დაგებულია, ხოლო 2 კილომეტრის გაწმენდა მოხდა და ახლა უკვე დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.

წელს გვინდა, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულოთ და შესაძლებელია ივლისის ბოლომდეც კი შევძლოთ სამუშაოების დასრულება. მაგრამ, გვინდა დრო გვქონდეს გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის და ვფიქრობთ, თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა (ამ დროისთვის გომის მთაზე 4 მეტრიანი თოვლია), შემოდგომიდან გზების რეაბილიტაცია სრულად დასრულდება,"-განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 18.8 მილიონი ლარია. გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაახლოებით ხუთი წლის წინ დაანონსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები