მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გომისმთა - რა კეთდება კურორტის განვითარებისთვის?

5f3110d261e39
თამთა ჯიჯავაძე
11.08.20 19:10
3634
დაბა გომისმთაზე მიწების სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკატერინე მგელაძემ bm.ge-ს განუცხადა, რეგისტრაცია 2 აგვისტოს დაიწყო.

„საჯარო რეესტრის დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფი ოზურგეთში ჩამოვიდა, უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს რეგისტრაცია, დგას ცოცხალი რიგები და დაახლოებით ამ კვირის ბოლომდე განაცხადების მიღება დასრულდება. ამის შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლები აზომვითი ნახაზებისა და დამატებითი დოკუმენტაციის მოძიებას წლის ბოლომდე გააგრძელებენ“, – განაცხადა ეკატერინე მგელაძემ.

შეგახსენებთ, გომისმთას დაბის სტატუსი მიმდინარე წელს მიენიჭა. რაც შეეხება გზის მშენებლობას გომისმთამდე, როგორც ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით იწყება 19-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, ტენდერი სამშენებლო კომპანია შპს New Road-მა მოიგო და ღირებულება შეადგენს დაახლოებით 19 მლნ ლარს. ტენდერში მხოლოდ აღიშნული კომპანია მონაწილეობდა. მან ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32.6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს.

გომისმთას გზის და მიწის რეგისტრაციის გარდა, სხვა პრობლემებიც აქვს. როგორც გომისმთის პოპულარიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრი ლაშა ბაბილოძე ამბობს, მოსაწესრიგებელია საზოგადოებრივი საპირფარეშოების საკითხიც.

„ამასთან, უამრავი ტურისტი ამოდის ზაფხულში გომისმთაზე. სამწუხაროდ, ისინი გარემოს აბინძურებენ, ვინაიდან ურნამდე ბევრს ნაგავი არც მიაქვს“, – აღნიშნა ბაბილოძემ bm.ge-სთან საუბრისას.

თავად ოზურგეთის მერიაში ამბობენ, რომ ბიოტუალეტების და საკემპინგე ადგილების მოწყობა გზის მშენებლობის შემდეგ იგეგმება. გზის მშენებლობა კი ხელშეკრულების მიხედვით, 26 თვეში უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები